ახალი ამბები

სოლომონ პასსა და ედუარდ კოკოითს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ეუთოს პრეს-სამსახურის ცნობით, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ სოლომონ პასიმ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა სატელეფონო საუბრისას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილეს.


“პასი და კოკოითი დარწმუნებული არიან, რომ კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს“, ნათქვამია ეუთოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


კოკოითმა და პასიმ ასევე განიხილეს მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების საკითხები, რომელიც ეუთოს ხელმძღვანელობასთან აქტიური თანამშრომლობით უნდა წარიმართოს.


აგვისტოს ბოლოს სამხრეთ ოსურმა მხარემ უარი განაცხადა მხარეებს შორის მაღალი დონის შეხვედრა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულიყო, როგორც ეს სოლომონ პასიმ შესთავაზა მხარეებს. სამხრეთ ოსური მხარის  განცხადებით, ბულგარეთი საქართველოს იარაღით ამარაგებს.


ეუთოში აკრედიტირებული ელჩების ჯგუფი 8 სექტემბერს ცხინვალს ეწვია და ედუარდ კოკოითს შეხვდა.


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყებოდა, რომ ედუარდ კოკოითმა პროტესტი გამოხატა იმის თაობაზე, რომ “ეუთოს გარკვეული წევრი ქვეყნები საქართველოს იარაღით ამარაგებენ“.


ედუარდ კოკოითმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში, თუმცა აქვე დასძინა, რომ ეუთო “სრულად ვერ იყენებს თავის შესაძლებლობებს“.


მან ასევე დაადანაშაულა ეუთო საქართველოს მხარდაჭერაში. “ძალიან ხშირად, ერთობლივი მონიტორინგის დროს [რომელსაც ერთობლივი სამშვიდობო ჯარები და ეუთოს დამკვირვებლები აწარმოებენ], ეუთოს წარმომადგენლები ქართული მხარის დარღვევებზე კონფლიქტის ზონაში თვალს ხუჭავენ“, დასძინა ედუარდ კოკოითმა.    

Back to top button