
დეპუტატები რუს კოლეგებს ჟურნალისტების განთავისუფლებში დახმარებას თხოვენ
დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სახელისუფლებო ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების” დეპუტატები წერილით მიმართავენ რუსეთის სათათბიროს დეპუტატებს, სადაც ბესლანში დატრიალებული ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის პარალელურად რუს კოლეგებს ბესლანში დაკავებული ქართველი ჟურნალისტების განთავისუფლებაში წვლილის შეტანასაც სთხოვენ.
“ამ საშინელი ტრაგედიის [ბესლანის ტერაქტი] ფონზე , როცა მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია, ყველას მართებს მეტი სათნოების გამოჩენა”, განაცხადა 7 სექტემბერს მაია ნადირაძემ.
“რუსთავი2”-ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა და ოპერატორი ლევან თეთვაძე 4 სექტემბერს დააკავეს ბესლანში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მოტივით და ამავე ბრალდებით წინასწარი პატიმრობაც მიუსაჯეს.
იმ შემთხვევაში, თუ რუსული პოლიტიკური ელიტა ქართველი ჟურნალისტების ბედით არ დაინტერესდება, “ეს აღიქმება, როგორც პოლიტიკური ანგარიშწორება და რუსეთში უცხოელი პოლიტ-პატიმრების არსებობის ფაქტი”, აცხადებს ნადირაძე საპარლამენტო უმრავლესობის სახელით.