skip to content
ახალი ამბები

ბესლანში დაკავებულ ქართველ ჟურნალისტებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ ვლადიკავკაზის სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ნანა ლეჟავას და ოპერატორს ლევან თეთვაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ორივე მათგანს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედებათ ბრალი.


“ისინი წინასწარ პატიმრობაში დარჩებიან, სანამ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზღვრის დაცვის დეპარტამენტი არ გამოიძიებს მათ [ნანა ლეჟავასა და ლევან თეთვაძის] მიერ საზღვრის გადაკვეთის დეტალებს“, განაცხადა მერაბ ანთაძემ, თუმცა წინასწარი პატიმრობის ზუსტი ვადის დაკონკრეტება ვერ შეძლო.


პარალელურად, ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფმა საქართველოში რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართა ნანა ლეჟავასა და ლევან თეთვაძის სასწრაფო განთავისუფლების მოთხოვნით.


“რუსთავი 2“ აცხადებს, რომ ორივე მათგანი ბესლანში თავიანთი “პროფესიული საქმიანობის“ გამო დააკავეს. “მათ ყველა საჭირო დოკუმენტი ჰქონდათ საზღვის გადასაკვეთად და მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად“, ნათქვამია “რუსთავი 2“-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.


თუმცა, ჩრდილოეთ ოსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები აცხადებენ, რომ ნანა ლეჟავას და ლევან თეთვაძეს არ ჰქონდათ რუსეთის ვიზები და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური აკრედიტაცია რუსეთში მომუშავე უცხოელი ჟურნალისტებისთვის.

Back to top button