skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი პუტინს ქართველი ჟურნალისტების განთავისუფლებას სთხოვს

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სადაც კოლეგას ჩრდილოეთ ოსეთში დაკავებული ქართველი ჟურნალისტების საკითხის პირად კონტროლზე აყვანასა და მათ განთავისუფლებას სთხოვს.


ქართული ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა და ოპერატორი ლევან თეთვაძე, რომლებიც 1 სექტემბრიდან აშუქებდნენ ბესლანში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, ჩრდილოეთ ოსეთის სამართალდამცავებმა 4 სექტემბერს დააკავეს. დღემდე ისინი ვლადიკავკაზის მილიციის განყოფილებაში იმყოფებიან. რუსი სამართალდამცავები ჟურნალისტებს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს.


თუმცა, ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მტკიცებით ორივე ჟურნალისტი ყაზბეგის რაიონშია ჩაწერილი და შესაბამისად მათზე მოსაზღვრე რაიონებზე გავცელებული უვიზო მიმოსვლის შეღავათიანი რეჟიმი ვრცელდება.


“დღესდღეობით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართველი ჟურნალისტების განთავისუფლებაა, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდება”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩუბინიშვილმა 6 სექტემბერს.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ასევე დაგმო ჟურნალისტების დაკავების ფაქტი და ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთოს ელჩების დელეგაციას, მათ შორის რუსეთის ელჩს ეუთოში, გააცნო.


“ეს [ჟურნალისტების დაკავება] სრულად აღმაშფოთებელი ფაქტია, ვითვალისიწნებ რა რუსეთში შექმნილ მძიმე სიტუაციას, გაცილებით მკაცრი შეფასებებისაგან, რასაც ეს ფაქტი იმსახურებს, თავს ვიკავებ”, განუცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.

Back to top button