skip to content
ახალი ამბები

საქართველო ეუთოს კვლავაც როკის გვირაბის მონიტორინგს სთხოვს

დღეს საქართველოში 5-დღიანი ვიზიტით მყოფი ეუთოს ელჩთა 23-კაციანი დელეგაცია მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. მანამდე კი დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა, ხოლო მოგვიანებით ელჩებთან შეხვედრას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიაც გეგმავენ.


პარლამენტის თავმჯდომარისა და ელჩების შეხვედრის მთავარი თემა იყო ეუთოს მიერ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ინგუშეთის, ჩეჩნეთისა და დაღესტნის მონაკვეთების მონიტორინგის საკითხი და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარება.


“ჩვენ კვლავაც პრინციპულად მოვითხოვთ გაგრძელდეს ეუთოს მონიტორინგი, რომელიც წარმატებით ხორციელდება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და მოხდეს როკის გვირაბის გაკონტროლება ეუთოს მიერ, რათა უკონტროლო და არასასურველი მოძრაობები საზღვრის ამ მონაკვეთზე თავიდან იქნას აცილებული”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ. 


“ჩვენ სოფიაში ეუთოს ეგიდით დაგეგმილ შეხვედრაზე კვალავაც პრინციპულად დავაყენებთ როკის გვირაბის გაკონტროლების საკითხს”, დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისი თქმით, ეუთოს დელეგაცია საკმაოდ ობიექტურადაა ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.


სიტუაციის ადგილზე გაცნობის მიზნით, ელჩების დელეგაცია გეგმავს მოინახულოს ეუთოს წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგს ახორციელებენ და ასევე ესტუმრონ თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკებს.

Back to top button