
საქართველო გმობს ჩრდილოეთ ოსეთსა და მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას 31 აგვისტოს მოსკოვში მომხდარი ტერორისტული აქტისა და 1 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთში უცნობი შეიარაღებული პირების მიერ ქ. ბესლანის საშუალო სკოლაზე თავდასხმისა და მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების მძევლად აყვანის გამო.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, მეტადრე, როდესაც მოძალადეთა მსხვერპლი უდანაშაულო ბავშვები ხდებიან“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 1 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ტერორისტების მიერ განხორციელებულ კიდევ ერთ ბარბაროსულ აქტს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. ასევე მხარს უჭერს მოძმე ოსი ხალხის უფლებას იცხოვროს მშვიდობიან, უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში.