ახალი ამბები

24 ოქტომბრის მაჟორიტარულ არჩევნებში კანდიდატთა წარდგენა მიმდინარეობს

24 ოქტომბრის 4 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური მაჟორიტარულ არჩევნებში, რომელიც ცესკოს 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაინიშნა, მიმდინარეობს მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი. შუალედური არჩევნები ჩატარდება თბილისის ორ საარჩევნო ოლქში – კრწანისსა და დიდუბეში და ასევე გორსა და ზესტაფონში.


ჯერ-ჯერობით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მხოლოდ ერთი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი – გორის საარჩევნო ოლქში პარტია “ერთობის” ლიდერი, ყოფილი დეპუტატი ჯუმბერ პატიაშვილი უკვე ოფიციალურად არის წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატად.


წინასწარი ინფორმაციით, დიდუბის საარჩევნო ოლქში კენჭისყრას გეგმავს თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა, კრწანისში – ყოფილი დეპუტატი გურამ შარაძე, ხოლო ზესტაფონის საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობას იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი აპირებს. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი სახელისუფლებო პარტიის ფავორიტთა ვინაობა.


დეპუტატობის მსურველებს განაცხადების წარდგენის ვადა 23 სექტემბერს ეწურებათ.


შუალედური არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა განაპირობა 2003 წლის 2 ნოემბერს დიდუბეში გამარჯვებული დეპუტატის გია ბარამიძის, კრწანისში გამარჯვებული კანდიდატის გია გეწაძის, გორის რჩეულის ირაკლი ოქრუაშვილისა და ზესტაფონში გამარჯვებული მაჟორიტარის დავით მუმლაძის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლამ.

მსგავსი/Related

Back to top button