ახალი ამბები

მოსკოვი თბილისში რუსეთის საელჩოს წინ აქციის შეწყვეტას მოითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისში რუსეთის საელჩოს შენობის წინ ქართველი პროგრამისტების მიერ მოწყობილი „ინტერნეტაქციის“ წინააღმდეგ გამოდის და ქართულ მხარეს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვით ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ სამუშაო პირობებით უნდა უზრუნველყოს დიპოლმატიური კორპუსი.
 
რუსეთის საელჩო ინტერნეტაქციის გამო, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „იაფ სპექტაკლს“ უწოდებს, ერთი დღით წყვეტს მუშაობას.
 
„დღეს [27 აგვისტოს] ვიზების გაცემა და ყოველგვარი საკონსულო მომსახურება შეწყვეტილი იქნება“ – ნათქვამია 27 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
„საქართველოს ხელისუფლებისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად აქცია კვლავ გრძელდება, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ყველაფერი ეს თავად ხელისუფელბიდან იმართება“ – ნათქვამია განცხადებაში.
 
რუსეთის საგარეო სამქეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს შეწყდეს „ხულიგნური გამოსვლები“ რუსეთის საელჩოს წინ, რათა საელჩომ შეძლოს ნორმალური მუშაობის გაგრძელება.
 
რუსეთის საელჩომ ინტერნეტაქციის შეწყვეტის მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას 25 აგვისტოს მიმართა. რასაც ქართული მხარის მიერ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. 
 
რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია ქართველმა პროგრამისტებმა „რე-აქციის“ სახელწოდებით გასულ კვირას დაიწყეს, ისინი რუსეთის ხელისუფლებისგან საქართველოს ტერიტორიიდან სამშვიდობო ძალების გაყვანას და რუსეთის აგრესიის შეწყვეტას მოითხოვენ.
 
პროექტორების საშუელბით, აქციის მონაწილეები, მთელი ღამის განმავლობაში საელჩოს შენობას ანათებდნენ ომის საწინააღმდეგო და ანტი-რუსულ ლოზუნგებს.
 
აქციის მონაწილეთა განცხადებით, დღეს საელჩოს წინ საპროტესტო მსვლელობის შემდეგ აქცია მარიამობის დღესასწაულთან (28 აგვისტო) დაკავშირებით  დროებით შეწყდება.

მსგავსი/Related

Back to top button