ახალი ამბები

სააკაშვილმა გენშტაბი გადაახალისა, ხოლო რეზერვისტებს მზადყოფნისკენ მოუწოდა






გენშტაბის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ
თავდაცვის სამინისტროს ნაწილებმა ცხინვალის
რეგიონში ამოცანას თავი კარგად გაართვეს
მაშინ როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გენერალურ შტაბში საკადრო ცვლილებებს ახორციელებს და აცხადებს, რომ საქართველოს ათი ათასობით  რეზერვისტი მზადყოფნაში უნდა ჰყავდეს, რუსეთი ქართველ ოფიციალური პირების განცხადებებში „მომძლავრებულ სამხედრო რიტორიკას“ აპროტესტებს და მათ „უპასუხისმგებლოს“ უწოდებს.
 
25 აგვისტოს გენერალური შტაბის უფროსის გივი იუკურიძის თანამდებობიდან განთავისუფლების მიზეზად პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ „არადამაკოამყოფილებელი“ მუშაობა დასახელდა, თუმცა მოგვაინებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გენერალურ შტაბში საკადრო ცვლილებების დაწყება ამ სტრუქტურის ახალ, დასავლურ სტანდარტებზე გადასვლის სურვილით ახსნა.

„ახალი გუნდი დაკომპლექტედება, ისეთი პიროვნებებით, რომლებსაც აქვთ დასავლური, კერძოდ კი ამერიკული სამხედრო განათლება“ – განაცხადა 25 აგვისტოს პრეზიდენტმა.

სამივე პირს, გენერალური შტაბის ახალ უფროსს ვახტანგ კაპანაძეს და მის ორივე მოადგილეს ლევან ნიკოლაიშვილს და დავით ნაირაშვილს სამხედრო განათლება უცხოეთში აქვს მიღებული. ვახტანგ კაპანაძეს,  რომელიც აქამდე გივი იუკურიძის მოადგილე იყო, სამხედრო განათლება ჯერ უკრაინის თავდაცვის ნაციონალურ აკადემიაში, შემდგომ აშშ-ს სამხედრო ძალების ომის წარმოების კოლეჯში აქვს მიღებული. ასევე დამთავრებული აქვს მარშალის სახელობის სტრატეგიული კვლევების კოლეჯი გერმანიაში.

გენშტაბის უფროსის პირველ მოადგილეს ლევან ნიკოლაიშვილს, რომელიც აქამდე უშიშროების მინსიტრის მოადგილე იყო, დიდი ბრიტანეტის თავდაცვის ინსტიტუტი, გერმანიის ბუნდესვერის კოლეჯი, აშშ-ს გენშტაბის და ნატოს თავდაცვის კოლეჯები აქვს დამთავრებული. მეორე მოადგილე დავით ნაირაშვილი 2000 წლიდან დღემდე ნატოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენელია, დამთავრებული აქვს აშშ-ს შეიარაღებული ძალების სამეთაურო-საშტაბო და ნატო-ს კოლეჯები.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ძლიერი ჯარის შექმნაა და ამაში წვლილი თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს“ – განაცხადა დღეს გენ–შტაბის ახალმა უფროსმა.

რუსული სამხედრო სკოლა გამოვლილი გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გივი იუკურიძე პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ინფორმაციით, რუსეთში საქართველოს სამხედრო ატაშედ დაინიშნება.

მართალია, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება იუკურიძის მოხსნას, გენშტაბის რეორგანიზაციით ხსნის, თუმცა ქართულ პრესაში უკვე გამოჩნდა ვარაუდები იმის თაობაზე რომ გივი იუკურიძის გადაყენბის მთავარი მიზეზი ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებ და იქ აგვისტოში მიმდინარე შეტაკებების შედეგად გამოწვეული მსხვერპლი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ მიზეზე ოფიციალური პირებიდან მინიშნებას მხოლოდ სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხში გოგა ხაინდრავა აკეთებს.

„ჩვენ 16 ჯარისკაცის დავკარგეთ. ეს დაუშვებელია. შესაძლოა ყველაფერი მსხვერპლის გარეშეც დასრულებულიყო“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით იუკურიძის გადაყენების კომენტირებისას.

თუმცა თავად გენშტაბის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ნაწილებმა სამხრეთ ოსეთში დასახულ ამოცანას თავი კარგად გაართვეს.

“რაც გავაკეთე, ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის საკმარისია… [სამხრეთ ოსური მხარის] ძალების კონცენტრაცია მიმართული იყო შემოვლითი გზის აღებაზე. 5 აგვისტოს ჩაგვაყენეს იქ . გზა რომ აეღოთ, ქართული სოფლები დარჩებოდა იზოლაციაში, ამიტომ ბრძანება შევასრულეთ და იქ არავინ შევუშვით. მართალია, დღეს ჩვენ იქ აღარ ვართ, ამ გზას სამშვიდობოები აკონტროლებენ. ბრძანება იყო მთავრობის და ჩვენ ის შევასრულეთ. სხვათა შორის, თავდაცვის მინისტრი იყო უფროსი იმ მიმართულებაზე“ – ასეთი კომენტარი გააკეთა მოგვიანებით თავად გივი იუკურიძემ რადიოსადგურ „თავისუფლების“ ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასობაში, საქართველო რეზერვისტთა გადამზადებისა და მობილიზაციის ახალ სისტემასაც ქმნის. 26 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს „უნდა ყავდეს ათი ათასობით რეზერვისტი,“ რომლებიც არა მხოლოდ ქვეყნის თავდაცვაზე, არამედ სხვადასხვა სტიქიური უბედურებების და საგანგებო მდგომარეობის დროს დაეხმარება ქვეყანას.

მისი თქმით საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება სპეციალური პუნქტები, სადაც მოხდება რეზერვისტთა აღრიცხვა. „მათ დაურიგდებათ ფორმები, იარაღი, მაგრამ ეს იქნება შენახული ამ პუნქტებში და ხელზე იარაღი არავის მიეცემა“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ომისთვის ემზადება. ჩვენ არ გვჭირდება ომი. ამ ეტაპზე შევძელით გარდაუვალი ომის საფრთხის თავიდან აცილება სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ აგრესიის შემთხვევაში საქართველოს რეგულარულ არმიასთან ერთად რეზერვისტებიც ყავს“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს უკვე გამოეხმაურა მოსკოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 25 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამხრეთ ოსეთში წარუმატებელი ავანტიურის შემდეგ“ ოფიციალური თბილისის განცხადებებში „იმატა სამხედრო რიტორიკამ.“

როგორც ცნობილია თბილისმა რუსეთი ცხინვალის რეგიონში პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის მცდელობაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი 25 აგვისტოს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კონფლიქტის ზონიდან ჯარების გამოყვანით საქართველომ ფართომასშტაბიანი ომი აიცილა.

მსგავსი/Related

Back to top button