ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოს რუსეთთან ომი არ სურს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 24 აგვისტოს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პერ სტიგ მიოლერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ომი არ სურს.
 
„რუსეთთან ომი, რომ გვსურდეს თავზეხელაღებულები უნდა ვიყოთ, მაგრამ მშვიდობის სურვლი ცალმხრივი არ უნდა იყოს. ის რომ, რუსეთი [ცხინვალის რეგიონში] კონფლიქტის მონაწილეა ჩვენ დიდიხანია ვაცხადებთ. ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრე ვართ, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთი ამაზე არ რეგირებს“ – განაცხადა 24 აგვისტოს პრეზიდენტმა.


დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განხილვის ერთ–ერთი ძირითადი საკითხი სწორედ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება იყო.


24 აგვისტოს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ქართული ჯარი რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების „დამარცხება შესაძლებელია და ამის მაგალითი ჩეჩნეთია, სადაც მათ [ფედერალურმა ჯარებმა] მრავალი დამარცხება იწვნიეს.“
 
თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა დეპუტატებს ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის პარალელების გავლებისგან თავი შეიკავონ.


„საქართველო რუსეთის მთლიანობას პატივს სცემს და იმედი გვაქვს, როგორც ჩვენ ვუდგებით ჩეჩნეთის საკითხს, ისე განიხილავს რუსეთი სამხრეთ ოსეთსაც“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, ის რომ როკის გვირაბთან რუსეთის შეიარაღებული სამხედრო ნაწილები იდგენენ და საქართველოში შემოსვლას გეგმავდნენ ხელისუფლება ინფორმირებული იყო და სამხრეთ ოსეთში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების თავიდან არიდება კონფლიქტის ზონიდან ქართული დამატებითი ჯარების გამოყვანამ განაპირობა. 
 
მიხეილ სააკაშვილი ეუთო-ს მისიის კიდევ უფრო გააქტიურებას მოითხოვს, რათა გაკონტროლდეს საქართველო-რუსეთის საზღვრები. 

მსგავსი/Related

Back to top button