ახალი ამბები

თბილისი ჯავის მიმართულებით სტრატეგიულ პუნქტებს აკონტროლებს






იხილეთ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის
დეტალური რუქა უფრო ფართო ფორმატით.
ოფიციალური ინფორმაციით, დღეს დილით 6 საათისთვის საქართველოს შინაგანი ჯარებისა და უშიშროების სამინისტროს ძალებმა იერიში მიიტანეს და აიღეს ჯავის მიმართულებით განლაგებული სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე ოსური პუნქტი. არც ოსურ და არც რუსულ მხარეს ამ ცნობასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

“იერიშის შედეგად დავიკავეთ მნიშვნელოვანი პუნქტები, საიდანაც ხდებოდა ბოლო პერიოდში სროლები ქართული სოფლების მიმართულებით. შემიძლია ვთქვა, რომ ქართული სოფლების დაბომბვა ამ ადგილების დაკავების შემდეგ შეწყდება“, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერით სატელეფონო საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ასევე დაკავებულია სოფელი თრიანახანა.

მისი ინფორმაციით, იერიშის შედეგად  გარდაცვლილია რვა დაქირავებული კაზაკი მებრძოლი. მინისტრს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს გარდაცვლილი არიან თუ არა ოსები. ასევე არ იტყობინებიან არიან თუ არა დაშავებულები ქართული მხრიდან.


ირაკლი ოქრუაშვილის განცხაცებით, მას არ გააჩნია ინფორმაცია, თუ რამდენი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ღამით ოსური მხარის მიერ განხორციელებული სროლების შედეგად.  არაოფიციალური ინფორმაციით გარდაცვლილია შვიდი ქართველი ჯარისკაცი.


მინისტრის ინფორმაციით, შეტევის შედეგად ქართველმა სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს დიდი ოდენობით შეიარაღება და ერთი ჯავშან მანქანა.


უშიშროების მინისტრის მოადგილის გიგი უგულავას განცხადებით, ქართული სოფლების სიახლოვეს მდებარე სიმაღლეების დაკავებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მხარისთვის.


“იმის გარდა, რომ ამ პოზიციებიდან იბომბებოდა ქართული სოფლები, ამ ადგილებიდან ხელის გულივით ჩანს ჯავის რაიონში განლაგებული სამხრეთ ოსური შეიარაღებული დაჯგუფებების ნაწილები”, განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში გიგი უგულავამ.


როგორც ცნობლია, ცხინვალისგან განსხვავებით, ჯავა ოსი სეპარატისტების მთავარი დასაყრდენი პუნქტია. 

მსგავსი/Related

Back to top button