ახალი ამბები

დაღუპულთა რიცხვი ყოველ ღამით იზრდება

პუტინმა საქართველოში ჩამოსვლა გადაიფიქრა

არაოფიციალური ინფორმაციით, 18 აგვისტოს დაახლოებით 22 სთ–ზე დაწყებული სროლების შედეგად, რომელიც მთელი ღამის განმავლობაშ გაგრძელდა ცხინვალის რეგიონში კიდევ 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და სულ ცოტა ამდენივე დაიჭრა.

სულ ქართველ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლის რაოდენობამ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 12–ს მიაღწია.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია შვიდი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ, თუმცა ეს ცნობები ოფიციალური პირების მიერ არ დადასტურდა.

როგორც ქართველი ოფიციალური პირები იტყობინებიან საბრძოლო მოქმედებების ზონიდა, რომელიც ძირითადად ქართულ სოფლებს ერედვსა და ვანათს მოიცავდა, მასიური დაბომბვების გამო დაჭრილების გამოყვანა ვერ ხერხდებოდა.

ქართული მხარის ცნობით სოფელ ვანათში დანგრეულია რამოდენიმე საცხოვრებელი სახლი.

მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ბარანკევიჩმა სააგენტო „იტარ–ტასს“ განუცხადა, ქართულმა მხარემ მძინე არტილერიისა და ნაღმტყორცნების მეშვეობით ოსურ სოფლ სარაბუკს შეუტია. ოსური მხარე მსხვერპლის, ან დაშავებულების შესახებ არაფერს იუწყება.

გვიან ღამით სოფელ ერედვში უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მალე“ საქართველოს ხელისუფლება შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.


მთელი ღამის განმავლობაში ძალოვანი მინისტრები კონსულტაციებს მართავდნენ პრეზიდენტ სააკაშვილთან. შეხვედრაში მონაწილეობას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც იღებდა.


„შეუძლებელია ასეთი ვითარება მუდმივად გაგრძელდეს. ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ დროისთვის ყველაზე ადეკვატური იქნება. ამჟამად მეტს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა მგონია რომ დილით ჩვენ განცხადებებს გავაკეთებთ“ – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.


ქართული მხარის მტკიცებით კონფლიქტის ზონაში სროლები სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითსა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გოგა ხაინდრავას შორის გამართული მოლაპარაკებებიდან რამოდენიმე საათში დაიწყო.


მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა დაკავებულები გაცვალეს. ოსურმა მხარემ ის სამი ქართველი ჯარისკაცი გაანთავისუფლა, რომლებიც სოველ ვანათში 8 ივლისს დააკავეს, ხოლო ქართულმა მხარემ ერთი ოსი ეროვნების პირი გადასცა ოსურ მხარეს.


ამასობაში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ იგი აღარ ეწვევა საქართველოს. მისი ვიზიტი შემოდგომისთვის იყო დაგეგმილი. პუტინის თქმით საქართველოში ვიზიტი, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების ფონზე, „უადგილო იქნებოდა.“


„ჩვენ ამ საკითხს [საქართველოში ვიზიტი] ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად განვიხილავდით, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ გავითვალისწინებთ იმ სიტუაციაც რაც ამჟამად სამხრეთ ოსეთშია შექმნილი, ჩემი ვიზიტი უადგილო იქნებოდა,“ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, იუწყებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.


მან ასევე გააკრიტიკა ოფიციალური თბილისი იმის გამო, რომ ქართული მხარე ცდილობს წარმოაჩინოს სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება როგორც ორ სახელმწიფოს – რუსეთსა და საქართველოს – შორის კონფლიქტი.


„მე მინდა ხალხს შევახსენო, რომ ეს კონფლიქტი დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც დამოუკიდებმა საქართველომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსი. სწორედ ეს სულელური გადაწყვეტილება გახდა ეთნოკონფლიქტის დაწყების მიზეზი“ – დასძინა ვლადიმერ პუტინმა.


ამასობაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ვენაში 18 აგვისტოს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მოთხოვა დაუყოვნებლივ ჩატარდეს საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც განხილული იქნება სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 აგვისტოს თბილისის ეს ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ასეთი ფორუმის ჩატარების არანაირი საჭიროება არ არსებობს.


აღსანიშნავია, რომ ეუთოს მუდმივმოქმეთი საბჭოს თავმჯდომარე ბულგარეთის ელჩი ეუთოში ივო პეტროვი მიესალმა თბილისი ინიციატივას საერთაშორისო ფორუმის ჩატარების შესახებ, თუმცა იქვე დასძინა, რომ „პირველყოვლისა აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა.“

Back to top button