ახალი ამბები

ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, შეთანხმება კვლავ დაირღვა

ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა 17 აგვისტოს სოფელ ერედვთან მომხდარი მორიგი შეტაკებისას. სროლები ცხინვალის რეგიონში, თბილისში ოსურ და ქართულ მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ განახლდა.


სულ ბოლო დღეების განმავლობაში ქართველ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლთა რიცხვმა რვას მიაღწია. 


ინტენსიური სროელბისა და დაბომბვის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. შექმნილი ვითარების გამო მთელი ღამის განმავლობაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ძალოვანი მინისტრები იკრიბებოდნენ.
 
თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის თქმით, ქართული მხარე კონფლიქტის ზონიდან დამატებითი ძალების გამოყვანას აღარ აპირებს. ზედმეტი ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას ითვალისწინებდა 17 აგვისტოს მიღწეული შეთანხმება.


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით კონფლიქტის ზონაში თუ სამი დღის განმავლობაში შეწყდებოდა სროლები ქართული მხარე შემოვლით გზებზე განლაგებული ჯარის 30%-ს გამოიყვანდა.
 
„იმის გამო, რომ  კონფლიქტის ზონაში კვლავ ისმის სროლები ჯარის გამოყვანაზე საუბარი ზედმეტია“ – განაცხადა  გიორგი ბარამიძემ.
 
ოსური დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები კონფლიქტის ზონაში ცეცხლის გახსნაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს.  მათი განცხადებით, 17 აგვისტოს ქართული საგუშაგოებიდან ცეცხლის გახსნა ოსური სოფლების სარაბუკის და ფრისის მიმართულებით ხორციელდებოდა.
 
კონფლიქტის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და კონფლიქტის ზონიდან ზედმეტი ძალების გაყვანის შესახებ შეთანახმება შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან 17 აგვისტოს შეხვედრაზე იქნა მიღწეული.

Back to top button