ახალი ამბები

ქართული მხარე ცხინვალის რეგიონის სტატუსის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს

პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია მიესალმა დღეს ოსურ მხარესთან მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა იქვე დასძინა, რომ ცხინვალის რეგიონის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გარეშე რეგიონში სიტუაცია არ განიმუხტება.


ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ  შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
„ცხინვალის რეგიონის სტატუსის საბოლოო განსაზღვრა ეს არის საკითხი, რომელის მოგვარების გარეშე მუდმივი მშვიდობის დამყარება იქნება ძალიან რთული. დღესვე ვაფიქსირებთ ჩვენ მზადყოფნას, რომ არამარტო დროებით, არამედ საბოლოოდ გადავწყვიტოთ საკითხი ოსურ მხარესთან ერთად“ – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
 
დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება მოხდა სამ საკითხზე: ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის ზონაში, გზების გახსნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და რეგიონის დემილიტარიზაცია.
 
„კონფლიქტის ზონაში მხოლოდ სამშვიდობოები უნდა დარჩნენ“ – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
 
მისი თქმით, ოსურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა გაანთავისუფლოს ყველა ის ქართველი, რომელიც ოსურ მხარეს ყავს დატყვევებული. საუბარია სამ ქართველ ჯარისკაცზე რომლებიც სეპარატისტებმა ივლისში დაატყვევეს. 
 
ზურაბ ჟვანიას განცხადებით ოსურმა მხარემ პასუხისმგებლობა მოიხსნა იმ შეიარაღებული დაჯგუფებების ქმედებებზე, რომელთა უმრავლესობას ე.წ. ჩრდილო კავკასიელი დაქირავებული მებრძოლები შეადგენენ.


„ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაა, რომ რუსეთის და ოსეთის წარმომადგნლებთან ერთად, თუ ექნებათ სურვილი, ჩატარდეს ოპერაცია და გაიწმინდოს რეგიონი იმ უცნური ძალებისაგან რომელთა პროვოკაციის შედეგად ყოველდღიურად ისმის სროელობი. ესეთი ძალა უნდა იყოს განადგურებული“ – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

Back to top button