ახალი ამბები

იუკურიძის გადაყენებას სამხრეთ ოსეთს უკავშირებენ

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით გენერალური შტაბის უფროსის გივი იუკურიძის თანამდებობიდან განთავისუფლების მიზეზი მისი „არადამაკმაყოფილებელი“ მუშაობა გახდა. სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გოგა ხაინდრავა კი იუკურიძის გადაყენებას ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.


იუკურიძის განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ჟვანიამ 25 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში დაადასტურა, მოგვიანებით კი ამ ფაქტთან დაკავშირებით მან უფრო დეტალური კომენტარი გააკეთა.
 
„ხელისუფლება და საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავრსარდალი კმაყოფილი არ იყო იმ ტემპებით, რა ტემპებითაც მუშაობდა გენერალური შტაბი, ვფიქრობთ უფრო აქტიურად მუშაობა შესაძლებელი იყო“ – განაცხადა დღეს ბათუმში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.
 
პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა თუ ვინ დაინიშნება გენერალური შტაბის ახალ უფროსად. „ამას საზოგადოება მალე გაიგებს. ახალი ხელმძღვანელის დანიშვნით გენერალურ შტაბში იქნება ერთიანი გუნდი. ეს იქნება პიროვნება, ამერიკაში მიღებული შესაბამისი განათლებით“ – განაცხადა   ზურაბ ჟვანიამ.
 
მისი თქმით, გენერალური შტაბის უკვე ყოფილი უფროსი რუსეთში სამხედრო ატაშედ დაინიშნება.
 
დღესვე გივი იუკურიძის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ კომენტარი სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდარავამ გააკეთა და განაცხადა, რომ იუკურიძის განთავისუფლება ძირითადად ბოლო პერიოდში სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების გამო მოხდა.
 
„ის, რომ კონფლიქტის ზონაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში 16 ჯარისკაცი დაიღუპა გაუმართლებელია. ვფიქრობ შესაძლებელი იყო ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულებულიყო“ – განაცხადა ბათუმში მყოფმა სახელმწიფო მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
 
გივი იუკურიძე გენერალური შტაბის უფროსად ა.წ. თებერვლის თვეში დაინიშნა. 

მსგავსი/Related

Back to top button