
აშშ ცხინვალს და თბილისს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 16 აგვისტოს ქართულ და ოსურ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დაცვისაკენ და თავშეკავებისაკენ მოუწოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტომ კეისიმ 16 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ აშშ–ის მთავრობა სიტუაციის განმუხტვის მიზნით კონსულტაციებს აწარმოებს როგორც თბილისთან ასევე მოსკოვთან.
„ჩვენი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი დღეს [16 აგვისტოს] საქართველოს პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას შეხვდა. ამას გარდა, ჩვენი დიპლომატები მუდმივად ეკონტაქტებიან რუსეთის ოფიციალურ პირებს ამ საკითხთან დაკავშირებით“ – განაცხადა ტომ კეისიმ.
მისი თქმით ამ ეტაპზე აუცილებელია რომ მხარეებმა პოლიტიკური დიალოგი გააგრძელონ შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში, რომლის სხდომაც თბილისში 17 აგვისტოს იგეგმება.