
თბილისი კოკოითთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ითხოვს
![]() |
თბილისი სეპარატისტებს საპასუხო ცეცხლის გახნით ემუქრება. |
ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა 16 აგვისტოს გამთენიისას, სეპარატისტების მიერ სოფელ ერედვის სიახლოვეს განხორციელებული იერიშისას. ამ ინციდენტმა საბოლოოდ დაუკარგა აზრი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 13 აგვისტოს მხარეებს შორის დადებულ შეთანხმებას.
კონფლიქტის ზონაში ბოლო დღეებში ვითარების დაძაბვის გამო „ომის საფრთხის რეალობაზე“ საუბრობს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელიც ბოლო ორი დღის განამავლობაში კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა. მისი თქმით, ოსი სეპარატისტები ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტენსიურ იერიშებს ახორციელებდნენ ქართულ პოზიციებზე.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ბოლო დღეებში სეპარატისტების გახშირებული თავდასხმები დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზების ხელში ჩაგდების მიზნით ხდება.
„შემოვლითი გზები არის პრაქტიკულად ჰუმანიტარული დერეფანი დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფელბთან. ეს არის გზა ცხრა სოფლისთვის თამარაშენიდან დაწყებული კეხვის ჩათვლით, რომლითაც გამოყავთ ბავშვები კონფლიქტის ზონიდან და შედის საკვები“ -აცხადებს ჟვანია.
საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით კონფლიქტის ზონაში ოს სეპარატისტებთან ერთად ქართველების წინააღმდეგ იბრძვიან რუსეთიდან, კერძოდ ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსული დაქირავებული მეომრები.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით 16 აგვისტოს, გამთენიისას ქართული მხარის მიერ საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად მოწინააღმდეგეების მხრიდან ძირითადად დაქირავებული მეომრები განადგურდნენ.
ცხინავლის დე ფაქტო ხელისუფლება უარყოფს ინფორმაციას სამხრეთ ოსური მხრიდან მსხვერპლის შესახებ. დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ასევე ქართულ მხარეს 13 აგვისტოს ცეცდხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების დარღვევაში და ბოლო დღეებში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
„ოსეთის მხარეს არც ერთხელ დაურღვევია აღებული ვალდებულება. ქართული მხარე დოკუმენტზე ხელისმოწერითანავე დაიწყო სროელბი, ოესბის პროვოცორების მიზნით. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებაში მთავარ ძალას ომის პარტია ფლობს, რომელშიც შედის შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი“ – განაცხადა 16 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა 16 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს ედუარდ კოკოითთან. მან მოსკოვისა და ცხინვალის წინადადებას შერეული საკონტროლო კომისიის საგანგებო სხდომის ჩატარების შესახებ „დროის კარგვა“ უწოდა.
თუმცა, როგორც სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 16 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კოკოითი თავს არიდებს პირდაპირ მოლაპარაკებებს, რადგან იგი „ფართო მასშტაბიანი საომარი მოქმედებების პროვოცირებას ცდილობს.“
პრემიერ მინისტრ ჟვანიას მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია ხელს შეუწყობს რეგიონში ვითარების განმუხტვას.
ჟვანიას თქმით საერთაშორისო კონფერენციის შესახებ ინიციატივას უკვე გამოხმაურა მოჰყვა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისგან, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან სოლომან პასისგან, რომელმაც 14 აგვისტოს სპეციალური განცხადებით კონფლიქტში ჩართულ მხარეებს პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდა.
„მიგვაჩნია, რომ უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს კონფერენცია, სადაც უმაღლეს დონეზე არამარტო რუსეთი და ეუთო-ს, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან და დაგვეხმარებიან პრობლემის მშვიდობიან მოგვარებაში – შეწყდეს ცეცხლი და უზრუნველყოთ ქართველი და ოსი მოსახლეობის უსაფრთხოება“ – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.