ახალი ამბები

ეუთო შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის გამო

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  სოლომონ პასიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის გამო, განსაკუთრებით, როცა ამ ესკალაციას მსხვერპლი მოყვება.


„ამგვარი ქმედებები სასტიკ განსჯას იმსახურებს. უფრო ენერგიული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“, – განაცხადა სოლომონ პასიმ.


მან სინანულით აღნიშნა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ორივე მხარის განცხადებებისა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე, სიტუაცია კონფლიქტის ზონაში კვლავ უარესდება.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ეფექტური ღონისძიებების გატარების აუცილებლობა შეიარაღებული თავდასხმების თავიდან აცილების მიზნით. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა რეგიონიდან სამშვიდობოების გარდა ყველა შეიარაღებული დაჯგუფების გამოყვანის აუცილებლობა.


„პოლიტიკური პროცესის სტიმულირების მიზნით, მე უკვე შევთავაზე მხარეებს მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზება სოფიაში [ბულგარეთი]. ჩემი მოწვევა კვლავ ძალაშია. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარება მხოლოდ მხარეთა მაღალი რანგის წარმომადგენელთა შორის სერიოზული დიალოგის გამართვის გზით არის შესაძლებელი“, – დასძინა სოლომონ პასიმ. 


 

Back to top button