
პარლამენტმა 2004 წლის პროფიციტული ბიუჯეტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 13 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები 137 ხმით 3 წინააღმდეგ დაამტკიცა.
„ბიუჯეტის პროექტში თითქმის ყველა შენიშვნაა გათვალისწინებული ფინანსთა სამინისტრო მიერ“ – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გააცნო.
2004 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 223 მლნ ლარით გაიზარდა და 1 655 მლნ ლარი შეადგინა. ხარჯვითი ნაწილი 1 926 მლნ-მდე გაიზარდა. დამატებით მობილიზებული თანხებით დაგეგმილია 97 მლნ ლარის დავალიანებების გასტუმრება, აქედან საპენსიო დავალიანებები 37 მლნ ლარს შეადგენს. ასევე დაიფარება პედაგოგთა, მეცნიერ-მუშაკთა, ჯანდაცვის პროგრამების და ენერგოკომპანიების მიმართ არსებული დავალიანებები.
ასევე დაიფარება საერთაშორისო ორგანიზაციებში გადასახადი საწევრო შენატანები და საელჩოების დავალიანება, რისთვისაც დამატებით 3,7 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ძალოვანი და სამართალდამცავი სამინისტროები ჯამში დამატებით 98 მილიონ ლარს მიიღებენ, რაც მათ რეფორმირებას და ტექნიკურ აღჭურვას მოხმარდება.
მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა- 60 მილიონი ლარი; თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას – დამატებით 27 მილიონი ლარი მოხმარდება; უშიშროებას – 6 მილიონი ლარი; იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურასა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს – 2-2 მილიონი ლარი ერგებათ.