
ქართული და ოსური მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე მხარეები კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა ოსური მხრიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა და ქართული მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.
„ღამის 24 საათიდან ცეცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებელია ოსური მხრიდან თავად კოკოითი, ქართული მხრიდან კი ზურაბ ჟვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავამ, რომელმაც უშუალოდ მიიტანა დოკუმენტი ზურაბ ჟვანიასთან ხელის მოსაწერად.
საკონტროლო კომისიის სხდომა 13 აგვისტოს ცხინვალში ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც ქართველ და ოს წარმომადგენლებთან ერთად რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ლევ მირონოვიც ესწრებოდა.
შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა 14 აგვისტოსაც გაიმართება.