ახალი ამბები

საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივ ოქმს მოაწერეს ხელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა  სერგეი ივანოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმების ოქმს, რომელიც მომავალ სამხედრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.


მხარეები ასევე შეთანხმდნენ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გარდა ყველა დამატებითი შეიარაღებული ძალები გამოიყვანონ.


რუსეთი მზად არის საქართველოს გადმოსცეს კუთვნილი სამხედრო ობიექტები, რომელზეც წლების წინ რუსული სამხედრო ბაზები იყო განლაგებული. განხილულ იქნა ასევე საქართველოში, კერძოდ ახალქალაქსა და ბათუმში, განლაგებული ორი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის ვადების შემცირებაზე.


„რუსული მხარე განიხილავს სამხედრო ბაზების 7-8 წლის ვადაში გაყვანის საკითხს, თუმცა ჩვენ კვლავ დაჟინებით ვითხოვთ ეს პროცესი სამ წელიწადში მოხდეს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.


რუსეთის თავდაცვის მინისტრი რუსული ბაზების გაყვანისთვის ადრე 11 წელს და 500 მლნ დოლარს ითხოვდა.


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე გამოთქვა სურვილი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე. ამ მიზნით რუსეთი თავის სამხედრო ბაზებზე პირველ ეტაპზე 15-მდე ქართველ სამხედრო პირს მოამზადებს.
 
ქართული დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში 11 აგვისტოს დასრულდა.

Back to top button