ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ორმხრივი სროლა გრძელდება

მაშინ როცა საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა მოსკოვში რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან მართავენ მოლაპარაკებებს, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ორმხრივი სროლები გრძელდება.


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, რეგონში სროლა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და მხოლოდ დილის 7:35 საათისთვის შეწყდა.


„ქართული მხარე თამარაშენის, ვანათისა და ფრიზის მხრიდან აწარმოებდა სროლებს“, – აცხადებს „იტარ ტასი“ კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების შტაბიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.


მსხვერპლის  თაობაზე საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.  „იტარ-ტასის“ ცნობით, შერეული სამშვიდობო ძალების შტაბს მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია არ გააჩნია. მაშინ როცა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის ირინა გაგლოევას თქმით, სამხრეთ ოსეთის მხარის ორი წარმომადგენელი დაიჭრა.


ქართულ მხარეს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია. 

Back to top button