ახალი ამბები

საქართველოში განლაგებულ რუსულ სამხედრო ობიექტებს ქართული მხარე მიიღებს

რუსეთი მზად არის საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ობიექტები ქართულ მხარეს გადასცეს. ამის შესახებ დღეს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის  მინისტრმა სერგეი ივანოვმა თავის ქართველ კოლეგასთან გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


„ჩვენ [რუსული მხარე] უმოკლეს დროში მზად ვართ გადავცეთ საქართველოს ის სამხედრო ობიექტები, რომლებიც ჩვენს ბალანსზე ირიცხება.  ესენია სამხედრო ობიექტები თბილისში, ახალქალაქში და ქობულეთში. ჩვენ ეს ობიექტები არ გვჭირდება“, –  განაცხადა სერგეი ივანოვმა.


მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. „რუსეთი მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს რუსეთის სამხედრო ბაზებზე ქართველი სამხედროების მომზადებაში“, – აღნიშნა ივანოვმა.


გიორგი ბარამიძე სახელმწიფო მინისტრთან კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავასთან ერთად სამუშაო ვიზიტით მოსკოვში 9 აგვისტოს ჩავიდა. განსახილველ საკითხბს შორის ასევე არის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხებიც. ქართული დელეგაცია თბილისში 11 აგვისტოს დაბრუნდება.


 

Back to top button