ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სამხედრო ვერტმფრენებით წვრთნებს ატარებს

ქართული საინფორმაციო სააგენტო „მედია ნიუს“-ის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საინფორმაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა გაგლოევამ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ სამი სამხედრო ვერტმფრენი შეისყიდა. მისი თქმით, სამხედრო წვრთნები ვერტმფრენების გამოყენებით 6 აგვისტოს ჯავის რაიონში ჩატარდა, პირველად სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების ისტორიაში.


ვერტმფრენების ტიპი და იმ სახემწიფოს სახელი,  სადაც ვერტმფრენები იქნა შესყიდული, უცნობია. რუსეთ-საქართველოს საზღვრის სამხრეთ ოსეთის მონაკვეთი ერთადერთი ადგილია, სადაც ხმელეთიდანაც და ჰაერიდანაც შესაძლებელია შესვლა საქართველოს ხელისუფლების კონტროლის გვერდის ავლით.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 ივლისს და 7 აგვისტოს გააპროტესტა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა. თუმცა, რუსეთი  ამ ბრალდებას უარყოფს.

Back to top button