skip to content
ახალი ამბები

რუსეთს საქართველოსთან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამო ურთიერთობები ეძაბება

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა და განვითარებულმა მოვლენებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში სიმწვავე გააჩინა. ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთის ბრალდებებით არიან დაკავებული, რასაც პროვოცირება აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული წყლების უკანონოდ დარღვევამ და ე.წ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის ანდრეი კოკოშინის მიმართულებით ოსების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა თავდასხმამ გაუკეთა.


5 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ “კავკასიაში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით” ანტიქართული განცხადება ერთხმად 425 ხმით მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ “ყოფილი საბჭოთა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის] კავკასიურ კონფლიქტად გადაქცევა მიზანდასახულად მიმდინარეობს”, რაშიც საქართველოს ხელისუფლება არის დადანაშაულებული. 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ვერ დამალა აღშფოთება იმ ფაქტით, რომ რუსეთის სათათბიროს განცხადებაში მეზობელ საქართველოს იხსენიებს, როგორც “ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას”.


რუსეთის სათათბიროში 5 აგვისტოს არაერთმა დეპუტატმა გააკეთა საქართველოს და კერძოდ, მისი პრეზიდენტის საწინააღმდეგო და შეურაცხმყობელი განცხადებები, რომელთაც ვაშინგტონში არაოფიციალური ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასე ეხმაურება, “როგორც ადამიანი, მე შეურაცხყოფილი ვარ რუსი დეპუტატების განცხადებებით, მაგრამ, როგორც პრეზიდენტი მათ აბსოლუტურ იგნორირებას ვუკეთებ, რადგან სწორედ მწვავე რეაქციებს ელიან რუსეთში ჩვენგან, რათა მოხდეს საქართველოს კონფლიქტში ჩათრევა და რუსული აგრესიის განხორციელება”.


რუსეთის სათათბიროს განცხადებაში, რომელიც საქართველოსადმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, ნათქვამია, რომ “საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მოქალაქეების მიმართ მუქარის ფონზე, რომელთა მუდმივ საცხოვრებელს წარმოადგენს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, წარმოიქმნება გარემოებები, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტს”.


ამასთან, რუსეთის სათათბირო კვლავაც გააგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტების მიმართვების განხილვას, რომელიც თვითგამორკვევაზე მათი უფლების აღიარებას ეხება.


ამავდროულად რუსი დეპუტატები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ვლადიმერ პუტინის დასაყრდენ ძალას წარმოადგენს სათათბიროში, მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტსა და მთავრობას მიიღონ ადექვატური ზომები სიტუაციის ნორმალიზაციისათვის, კონფლიქტის მხარეებს შორის დიალოგის ხელშესაწყობად და რუსეთის მოქალაქეების დასაცავად. 


განცხადებაში ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელიც აფხაზეთის ნაპირებთან გამოჩენილი გემებისათვის ცეცხლის გახსნას და მათ ჩაძირვას ეხება და ასევე რუსულ დელეგაციაზე, რომელსაც რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კოკოშინი ხელმძღვანელობდა, “ქართველი “ბოევიკების” თავდასხმაზე, რომელიც სანქცირებული იყო ოფიციალური თბილისის მიერ”.

რუსი დეპუტატები განსაკუთრებით გააღიზიანა მათი თანამოქალაქეების მიმართ “მუქარამ”, მხედველობაში ჰქონდათ რა 3 აგვისტოს პრეზიდენტ სააკაშვილის “რუსი ტურისტების გასაგონად” გაკეთებული განცხადება, რომ “ყველა გემს, რომელიც უკანონოდ დაარღვევს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ისევე უნდა მოვექცეთ, როგორც საზღვრის დაცვის პარტულმა გაუხსნა ცეცხლი 30 ივლისს აფხაზეთის მიმართულებით მცურავ თურქულ გემს, რომელმაც გაფრთხილების მიუხედავად, დაარღვია საქართველოს საზღვაო აკვატორია”.

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას ოპერატიულად გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 აგვისტოს ოფიციალური განცხადებით, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული ოფიციალური თბილისის განცხადებაზე, რომელიც  საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შესული გემების მიმართ “ცეცხლის გახსნას და მათ ჩაძირვას” ეხება.


არადა საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმების, დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს 1996 წლის 19 იანვრის შეთანხმების და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის ბრძანებულების მიხედვით, რომლითაც დაიხურა სოხუმის საზღვაო ნავსადგური, პორტპუნქტები და საზღვაო აკვატორია, აფხაზეთი და მისი ტერიტორიალური წყლები წარმოადგენს საქართველოს იურისდიქციას, რასაც აღიარებს თავად რუსეთის ფედერაცია, და რაზეც, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კონტროლის განხორციელების უფლება.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეს, დაუყონებლივ იქნება აღკვეთილი.


“[პრეზიდენტ სააკშვილის] ეს განცხადებები მიმართულია რუსი ტურისტების წინააღმდეგ, რომლებიც სოჭიდან სოხუმში საზღვაო გზით გადადიან, რუსეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ დაისვენონ იქ, სადაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ”, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 4 აგვისტოს განცხადებაში.


ნინო ბურჯანაძე ხაზგასმით აღნიშნავს, “ჩვენ [საქართველოს ხელისუფლება] არ შევეგუებით იმას, რომ კატერები სოჭიდან სოხუმში ისე დაცურავდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, თითქოს სოხუმი რუსეთის ერთ-ერთი საზღვაო პორტი იყოს”.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა თავისი შეშფოთება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 4 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომელშიც “მიუღებელ ტერმინოლოგიასთან ერთად კვლავაც აქვს ადგილი ფაქტების დამახინჯებას”.


“კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილებას არ დაუშვას სოხუმის აკვატორიაში საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ხომალდების გადაადგილება, რატომღაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების აგრესიული და არაადეკვატური რეაქცია”, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 აგვისტოს რუსეთს კიდევ ერთი საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს “ვესელოე-სოხუმის“ სარკინიგზო მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოების წარმოებასთან და რუსული ტურისტული ჯგუფების აფხაზეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით. 
 
საპროტესტო ნოტაში ნათქვამია, რომ ამგვარი ცალმხრივი ქმედებებით რუსული მხარე უხეშად არღვევს მიღწეულ შეთანხმებებს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ორ სუვერენულ  სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. 

რუსულ-ქართული ურთიერთობებში პრობლემების ფონზე 5 აგვისტოს თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩადის მოსკოვის მერი იური ლუშკოვი და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვიცე-პრეზიდენტს ვალერი არშბას და პრემიერ-მინისტრს რაულ ხაჯიმბას ხვდება. 
 
“მე ვარ საქართველოს და თბილისის საპატიო მოქალაქე და როცა მინდა, მაშინ ჩამოვალ“, აცხადებს რუსული ტელეკომპანია “НТВ“-ს ეთერში იური ლუშკოვი სოხუმიდან, რომელიც აფხაზეთის ტურისტული ინფრასტრუქტურით ფინანსურ დაინტერესებას არც მალავს.
 
საქართველოს ხელისუფლებამ იური ლუშკოვის სოხუმში ვიზიტი გააპროტესტა. “მინდა ყველამ გაიგოს, რომ ამ ვითარებაში აფხაზეთში დაბანდებული ინვესტიცია იქნება ზღვაში გადაყრილი ფული”, განაცხადა  5 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ იური ლუჟკოვის მისამართით.


 

Back to top button