ახალი ამბები

სააკაშვილი BP-ის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტზე უსაფრთხოების მყარ გარანტიებს სთხოვს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმისგან“ (BP) ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისას უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას მოითხოვს.


“პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა.  კომპანიისგან ვითხოვთ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვას, რათა ბუნებრივმა კატასტროფებმა და შესაძლო ტერორისტულმა აქტებმა არ დააზიონოს მილსადენი“, განაცხადა სააკაშვილმა 5 აგვისტოს, აშშ-ში სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან გამართული შეხვედრის შემდეგ.


მისი თქმით, სწორედ  უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოსთხოვა ქართულმა მხარემ კომპანიას ბორჯომის რაიონის ტერიტორიაზე სამუშაოების შეჩერება, რადგან ეს მონაკვეთი მეწყერსაშიშ ზონად ითვლება. 


“მშენებლობა აღდგება მაშინ, როდესაც კომპანია წარმოადგენს  უსაფრთხოების დამცავ მექანიზმს“, დასძინა პრეზიდენტმა.


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა და კოლინ პაუელმაც ისაუბრეს.


პროექტის ორი კვირით შეჩერება და ბორჯომის რაიონში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 22 ივლისს მოითხოვა.


6 აგვისტომდე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა და ერთობლივად უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება. 14 აგვისტოს პროექტი უკვე განსახილველად ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაეცემა. მოსალოდნელია, რომ დამტკიცების შემდეგ  განახლდება სამუშაოები ბორჯომის მონაკვეთზე.


 

Back to top button