ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სათათაბიროს მწვავე განცხადების შესახებ

5 აგვისტოს რუსეთის სათათაბიროს მიერ მიღებულ მწვავე განცხადებას, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგო სულისკვეთებას ატარებს, ვაშინგტონში არაოფიციალური ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისში, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა.


“როგორც ადამიანი, მე შეურაცხყოფილი ვარ რუსი დეპუტატების განცხადებებით, მაგრამ, როგორც პრეზიდენტი მათზე ყურადღებას არ ვამახვილებ, რადგან სწორედ მწვავე რეაქციებს ელიან რუსეთში ჩვენგან, რათა მოხდეს ჩვენი კონფლიქტში ჩათრევა”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო განცხადებები, რომელიც 5 აგვისტოს არაერთმა რუსმა დეპუტატმა საჯაროდ გააკეთა, “ყოველგვარ ცივილურ საზღვრებს სცილდება”, აცხადებს ნინო ბურჯანაძე.


ნინო ბურჯანაძემ 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ვერ დამალა აღშფოთება იმ ფაქტით, რომ რუსეთის სათათბირო განცხადებაში მეზობელ საქართველოს იხსენიებს, როგორც “ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა”.


ნინო ბურჯანაძე ხაზგასმით აღნიშნავს, “ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ კატერები სოჭიდან სოხუმში ისე კვეთდნენ ტერიტორიულ წყლებს, თითქოს სოხუმი რუსეთის ერთ-ერთი საზღვაო პორტი იყოს”.


ყველა ეს პრეტენზია ნინო ბურჯანაძემ სატელეფონო საუბარში, რომელიც 5 აგვისტოს შედგა, განუცხადა რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარეს ბორის გრიზლოვს. საქართველოს პარლამენტი რუსი კოლეგების მიერ მიღებულ განცხადებაზე 10 აგვისტოს, რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ.

Back to top button