
არასამთავრობო ორგანიზაციები “ხალხის გაზეთის“ რედაქტორის დაკავებას აპროტესტებენ
არასამთვარობო სექტორი აპროტესტებს გორის რაიონის ადგილობრივი გაზეთის “ხალხის გაზეთის“ მთავარი რედაქტორის რევაზ ოქრუაშვილის დაკავებას და მისთვის წინასწარი სამთვიანი პატიმრობის მისჯას და ამ ფაქტს აფასებს, როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლას.
“როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ხმამაღლა აცხადებს, რომ რევაზ ოქრუაშვილის დაკავება პირადად მისი ბრძანებით მოხდა, გასაკვირი არ არის, რომ სასამართლომ მას წინასწარი სამთვიან პატიმრობა მიუსაჯა“, განაცხადა დღეს საგანგებოდ გამართულ პრეკონფერენციაზე “ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა.
“ხალხის გაზეთის” რედაქტორი რევაზ ოქრუაშვილი სამართალდამცავებმა ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზების მოტივით 2 აგვისტოს დააკავეს. დაკავების მომენტში მას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს.
რევაზ ოქრუაშვილის დაპატიმრების შესახებ კომეტარში შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ რედაქტორის დაკავება უშუალოდ მისი ბრძანებით მოხდა, რადგან იგი შემჩნეული იყო ნარკოტიკების რეალიზებაში.
4 აგვისტოს გორის რაიონულმა სასამართლომ რევაზ ოქრუაშვილს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გაზეთის მთავარი რედაქტორის დაკავებას საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა გორში.
თავად რევაზ ოქრუაშვილი მის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშწორებას უწოდებს და შიდა ქართლის რწმუნებულს მიხეილ ქარელს და სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს.
“გაზეთში იბეჭდებოდა კომპრომატები მიხეილ ქარელის საქმიანობასთან დაკავშირებით,სადაც იგი მხილებული იყო მთელ რიგ უკანონო ქმედებებში“, დასძინა სასამართლო პროცესის შემდეგ რევაზ ოქრუაშვილმა.