
ქართული მხარე რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევას აპროტესტებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთის ფედერაციას 6 აგვისტოს ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით.
ქართული მხარე რუსეთისგან კატეგორიულად მოითხოვს აღიკვეთოს მსგავსი ინციდენტები.
“საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რასაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან“, ნათქვამია საგარეო საქმეთა უწყების მიერ გაგზავნილ საპროტესტო ნოტაში.
საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გაaვრცელა. მისი თქმით, 6 აგვისტოს დაახლეობით 12:45 საათზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.
მინისტრის თქმით, სამხედრო თვითმფრინავმა ცხინვალის რეგიონის თავზე 20 წუთის განმავლობაში იფრინა და შემდეგ რუსეთის მიმართულებით აიღო გეზი.