
BP-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას განაახლებს
გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმს“ (BP) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბორჯომის 17 კილომეტრიან მონაკვეთზე მშენებლობის განახლების უფლება მისცა.
“კომპანიას გაეგზავნა პირობები, რომლის მიხედვითაც ნავთობსადენის მილები მიწაში ორი მეტრის სიღრმეში უნდა ჩაიდოს და ზედაპირული უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები შემუშავდეს“, განუცხადეს “სივილ ჯორჯიას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.
ამას გარდა, 6 აგვისტომდე კომპანია BP-იმ უნდა უზრუნველყოს საქართველოში დამოუკიდებელი, უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა, რათა მათთან ერთობლივად შემუშავდეს ბორჯომის რაიონში მილსადენის უსაფრთხოების და შემგომში მათი განხორციელების მექანიზმები.
14 აგვისტომდე კი BP-იმ უცხოელ ექსპერტებთან ერთად უსაფრთხოების ინტეგრირებული გეგმა უნდა წარმოადგინოს, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო განიხილავს და დაამტკიცებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე კომპანია BP-მ ბორჯომის რაიონში 17 კილომეტრის მონაკვეთზე მილსადენის მშენებლობა 22 ივლისს ორი კვირით შეაჩერა. სამინისტრო კომპანიისგან აღნიშნულ მონაკვეთზე, მეწყერსაშიში ზონის გამო უსაფრთხოების გაორმაგებულ დაცვას მოითხოვდა.