
რუსეთის საგარეო უწყება “კოკოშინის ინციდენტს” გამოეხმაურა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს და ქართული მხარისგან სასწრაფოდ ითხოვს 4 აგვისტოს ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის სათათბიროს დსთ-ს ქვეყნებთან თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარის ანდრეი კოკოშინთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გამოძიებას.
“მოვუწოდებთ ქართულ მხარეს დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც ცდილობს ანტირუსული პროვოკაციების მოწყობას“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 4 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთი ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქართული მხარე წინასწარ იყო გაფრთხილებული ანდრეი კოკოშინის სამხრეთ ოსეთში ჩასვლის შესახებ, მითუმეტეს, რომ იგი 3 აგვისტოს თბილისში ჩასვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირებს შეხვდა და მათთან ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება განიხილა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სროლები დაიწყო მაშინ, როდესაც რუსული დელეგაცია რუსი და ქართველი სამშვიდობოების თანხლებით ერთ-ერთი საგუშაგოსკენ მიემართებოდნენ, სადაც “უკანონოდაა” განლაგებული ქართული შეიარაღებული ფორმირებები.
4 აგვისტოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სოფელ სარაბუკთან, მაშინ როცა ანდრეი კოკოშინი თანმხლებ პირებთან ერთად ავტომანქანებით გადაადგილდებოდა, გაურკვეველმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.
რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლის გახსნა ქართული საგუშაგოდან მოხდა. ინფორმაცია უარყო უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ 4 აგვისტოს საგანგებო ბრიფინგზე და მას “უნიჭოდ დადგმული პროვოკაცია” უწოდა.
“ცეცხლი ოსურმა მხარემ გახსნა, ქართული საგუშაგოების მიმართულებით, რასაც საპასუხო სროლები მოჰყვა“ , დასძინა გიგი უგულავამ.