ახალი ამბები

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭო ცხინვალის რეგიონში ეუთოს მანდატის გაფართოვების საკითხს ხვალ გადაწყვეტს

4 აგვისტოს ცხინვალს საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი სტუმრობდა, სადაც მან შეხვედრები გამართა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან.


“ვისაუბრეთ ეუთოს მანდატის გაფართოვებაზე, მათ შორის როკის გვირაბის მიმართულებით. ჯერ-ჯერობით ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს არ მიუღია რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, მთელი ეს პერიოდი საბჭო აკვირდებოდა კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს, რის საფუძველზეც მუდმივმოქმედი საბჭო უკვე ხვალისთვის [6 აგვისტო] გეგმავს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას”, განაცხადა როი რივმა 5 აგვისტოს “რუსთავი-2”-ის პირდაპირ ეთერში.


ეუთოს მანდატის გაფართოვების მოთხოვნით საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 29 ივლისს მიმართა მუდმივმოქმედ საბჭოს, თუმცა დღემდე კონკრეტული გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. მაშინ საქართველოს საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს რუსეთის დელეგაციამ.


“ყველა მხრიდან არის ნება, რომ ეუთოს მანდატი გაფართოვდეს”, განაცხადა როი რივმა ცხინვალის შეხვედრების შემდეგ.


მისი თქმით, დღესდღეობით უპირველესი პრიორიტეტია კონფლიქტის ზონაში სტაბილურობის შენარჩუნება და ჭარბი იარაღისგან განთავისუფლება, “რადგანაც კონფლიქტის ესკალაციის ძალიან დიდი საფრთხე არსებობს”.


როი რივმა კიდევ ერთხელ შეახსენა ცხინვალს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სოლომონ პასის ინიციატივა ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მაღალი დონის შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით. ამ წინადადებით სოლომონ პასიმ 30 ივლისს მიმართა მხარეებს.



 

მსგავსი/Related

Back to top button