ახალი ამბები

ჟვანია კვლავაც მზადაა შეხვდეს კოკოითს

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან გამართული საგანგებო თათბირის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობას სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა და საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი იღებდნენ, გაიმართა საგანგებო ბრიფინგი, რომელიც ცხინვალის რეგიონში ვითარების გამწვავებას მიეძღვნა.


საქართველოს ხელისუფლებასთან პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით მიუხედავად ოსური მხარის უარისა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოს სეპარატისტებთან პირდაპირი დიალოგის გამართვისთვის მზადყოფნა.


“შეშფოთებული ვართ საქართველოს საწინააღმდეგო იმ აჟიოტაჟით, რომელიც ორი დღეა ხელოვნურ და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სათათბიროს დეპუტატებისა და რუსული მედიის მხრიდან და შეიარაღებული პროვოკაციებით, რაც ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს მოჰყვა ეუთოს მანდატის გაფართოვებასა და ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით”, განაცხადა 5 აგვისტოს საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ. 


“საქართველოს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გარკვეულწილად იმ დადებით გამოხმაურებასაც უკავშირდება, რომელიც ეუთოში საქართველოს მოთხოვნებს მოჰყვა”, განაცხადა დღეს ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა. 


მისი თქმით, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას ე.წ სამხრეთ ოსეთში ეუთოს მანდატის გაფართოვებასთან დაკავშირებით.


ეუთოს მანდატის გაფართოვების მოთხოვნით საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 29 ივლისს მიმართა მუდმივმოქმედ საბჭოს, თუმცა დღემდე კონკრეტული გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. მაშინ საქართველოს საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს რუსეთის დელეგაციამ.


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “უკვე დაიგეგემა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 2004 წლის ოქტომბერში სოლომონ პასის [ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი] მიერ ინიცირებული მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტს შეეხება”.


 

მსგავსი/Related

Back to top button