ახალი ამბები

აფხაზები ქართველებთან მოლაპარაკებების გაგრძელებას არ აპირებენ

რუსეთი მოუწოდებს ქართულ და აფხაზურ მხარეებს მოლაპარაკებების განახლებისკენ და ამავდროულად  უკმაყოფილებას გამოთქვამს ქართული მხარის მიერ 30 ივლისს აფხაზეთის ტერიტორიული წყლების სასაზღვრო აკვატორიაში თურქული ხომალდის დაცხრილვასთან დაკავშირებით, რის გამოც აფხაზურმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
 
“ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე არ იმოქმედებს ისე, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამწვავება მოხდეს “, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა საქართველოში ჰეიდი ტალიავინმა აცნობა ქართულ მხარეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით. 
 
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მიხეილ ტარბას 3 აგვისტოს განცხადებით, აფხაზეთის ხელისუფლება მზად არის ჩაძიროს ყველა ის ქართული სამხედრო ხომალდი, რომელიც “უკანონოდ” გადაკვეთს აფხაზეთის ტერიტორიულ წყლების სასაზღვრო აკვატორიას. 
 
30 ივლისის ინციდენტი საქართველოს საზღვრის დაცვის სამსახურის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს “სივილ ჯორჯიას”, თუმცა აქვე დასძინეს, რომ გაფრთხილების მიუხედავად თურქული ხომალდი უკანონოდ შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, რასაც ქართველი მესაზღვრეების ადექვატური რეაქცია მოჰყვა.



 

Back to top button