
ბარამიძე: შემოტევებს საპასუხო ცეცხლით ვუპასუხებთ
დღეს თბილისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს თვადაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც ორი დღის განმავლობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ „ომის საფრთხე რეალურია.“
მისი თქმით ოსი სეპარატისტები ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტენსიურ იერიშებს ახორციელებენ ქართულ პოზიციებზე, რის შედეგადაც 16 აგვისტოს გამთენიისას, ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
გიორგი ბარამიძის თქმით ამიერიდან, ქართული მხარე ოსი სეპარატისტების შემოტევებს საპასუხო ცეცხლით უპასუხებს.
„ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ უკანაც არ დავიხევთ. ჩვენ კიდევ გვაქვს იმედი, რომ შესრულდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება, თუმცა ჩვენ ყოველ შემოტევას საპასუხო ცეცხლით ვუპასუხებთ, ისევე როგორც მოხდა ამ ღამით“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
„ომი საქართველოს ინტერესებში არ შედის. ომი აწყობთ ბანდიტებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ქართული შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან“ – დასძინა ბარამიძემ.
მისი თქმით, ოსურ მხარესთან ორდღიანი მოლაპარაკებების მიუხედავად კვლავ ხდება შეთანხების დარღვევა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რასაც 16 აგვისტოს ქართული მხარის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. გასული ღამით სროლები ისმოდა წვერიახოსა და სარაბუკიდან ქართული სოფლების მიმართულებით.
მისი თქმით იგი რამდენჯერმე ესაუბრა ოსური შეიარაღებული დაჯგუფებების მეთაურებს რათა არ მომხდარიყო შეიარაღებული დაპირისპირების განახლება, „თუმცა უშედეგოდ.“