
ადამიანთა უფლებების დამცველებმა საპროტესტო აქციის დარბევა გააპროტესტეს
არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტისა“ და ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას“ აქტივისტებმა 2 ივლისს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პოლიციის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას აპროტესტებდნენ.
თბილისის სპეცდანიშნილების რაზმმა 1 ივლისს მერიის წინ გამართული საპროტესტო აქცია დაარბია, რომლის მონაწილენიც ხელისუფლებისგან 2002 წელს მიწისძვრის შედეგად დანგრეული ბინებისთვის დაპირებული კომპენსაციების გაცემას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციაში ასევე იღებდა მონაწილეობას მეორე ჯგუფიც, რომელიც ხელისუფლებისგან დაპირებულ ბინებს მოითხოვდა.
“ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევისთვის, ასევე ის პირები, ვისი დავალებითაც მოხდა დარბევა, დაუყონებლივ უნდა დაისაჯონ“, განაცხადა “თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
“იგივე ხალხი ჩვენც გვარბევდა შევარდნაძის რეჟიმის დროს, თუმცა ამისათვის არავინ დასჯილა. ეს ხალხი დღესაც აგრძელებს უკანონო ქმედებებს და საპროტესტო აქციებს არბევს“, განაცხადა “კმარას“ აქტივისტმა თეა თუთბერიძემ 2 ივლისს.
“‘თავისუფლების ინსტიტუტისა“ და “კმარას“ აქტივისტებმა თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის თემურ მღებრიშვილის გადადგომა მოითხოვეს.
თუმცა, თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი კლდიაშვილმა მხარი არ დაუჭირა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და განაცხადა, რომ სპეცდანიშნილების რაზმი “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით კანონის ფარგლებში მოქმედებდა “.