ახალი ამბები

რუსეთი ე.წ სამხრეთ ოსეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს

რუსეთის მხარე საქართველოს მოთხოვნას  ცხინვალის რეგიონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე დისკრედიტაციად აფასებს. ამის შესახებ ინფორმაციას 18 ივნისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 
“იბადება შეკითხვა, 12 წლის განმავლობაში ჩატარებული სამშვიდობო ოპერაციების შემდეგ, რატომ გახდა რუსი სამშვიდობოები დარტყმის და გაუმართლებელი კრიტიკის ობიექტი. რუსეთის სამშვიდობო ძალები იწვევენ სამხრეთ ოსეთში დაძაბულობას?“ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
 
რუსეთი ქართულ მხარეს ახსენებს, რომ ჯერ კიდევ 1992 წლის 24 ივნისს საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარეკებების შედეგად მოხდა კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების შეყვანა.
 
“როგორც ჩანს ვიღაცას სურს სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა დააკისროს რუსულ სამშვიდობო ძალებს. რუსული მხარე დაშინების პოლიტიკისა  და ძალის დემონსტრირების წინააღმდეგ გამოდის “, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
 
ქართულმა მხარემ რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხი გასულ კვირას დააყენა. ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სპეციალური განცხდაებაც მიიღო.


რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული სამხედრო ავტომანქანები შენიშნა. ამ საკითხის გასარკვევად ქართველებმა რუს სამშვიდობოებს მიმართეს, თუმცა მათ ამ თხოვნაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.
 
ასევე, ქართულმა მხარემ უკვე მერამდენედ დააყენა  რუსი სამშვიდობო ძალების სარდლის სვიატოსლავ ნაბდზოროვის გაწვევის საკითხი.  

მსგავსი/Related

Back to top button