
დავით ონოფრიშვილი: “საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზება არ მოხდება
“საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ონოფრიშვილი უარყოფს ინფორმაციას საქართველოს რკინიგზის შესაძლო პირვატიზების შესახებ.
“გავრცელებული ინფორმაცია თითქოს საქართველოს რკინიგზის პრივატიზების საკითხი დგას და მისი შესყიდვა რუსეთის რკინიგზას სურს, სიმართლეს არ შეესაბამება“, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით ონოფრიშვილმა.
მისი თქმით, პრივატიზებისთვის საჭიროა წინასაპრივატიზაციო სამუშაოების ჩატარება, ქონების აღწერა და ბევრი სხვა პროცედურა, “რაც დღესდღეობით რკინიგზის დეპარტამენტში არ მიმდინარეობს, ამის გარდა საქართველოს რკინიგზა სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს, რისი პრივატიზებაც კონსტიტუციის მიხედვით არ შეიძლება“, დასძინა ონოფრიშვილმა.
“საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით გასულ კვირას გავრცელდა.