ახალი ამბები

ქართული მხარე ცხინვალის რეგიონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხს აყენებს

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხს აყენებს.
 
“გადასახედია სამშვიდობო ძალების მანდატი. რუსი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში 12 წლის წინ განლაგდნენ და აქამდე დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებდნენ. ახლა კი მათი დარჩენის საჭიროებას ვერ ვხედავ. ჩვენ [ქართულ მხარეს] თავისუფლად შეგვიძლია თავად გავაკონტროლოთ ვითარება, ვინაიდან რუს სამშვიდობოებს, როგორც ჩანს, უკვე აღარ სურთ დაკისრებული მოვალეობის შესრულება“ , განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გოგა ხაინდრავამ.
 
მისი თქმით, ასევე უნდა მოხდეს რუსი სამშვიდობო ძალების მეთაურის,  გენერალ სვიატოსლავ  ნაბდზოროვის გაწვევა.
 
ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშრეობის კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით,  დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სვიატოსლავ ნაბდზოროვის გაწვევა, რომელიც ხშირად პროვოკაციული განცხადებების გაკეთებით ძაბავს ვითარებას კონფლიქტის ზონაში.
 
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ამ საკითხთან დაკავშირებით დღესვე შეიმუშავებს განცხადებას, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს.
 
სვიატოსლავ ნაბდზოროვი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მოითხოვდა ქართული მხარის მიერ რეგიონში კონტრაბანდის წინააღმდეგ შექმნილი საგუშაგოების გაუქმებას. ნაბდზოროვის ამ განცხადებებს კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავება მოჰყვა.


დღესვე სახელმწიფო მინისტრმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში სოფელ ერედვის მახლობლად რუსული სამხედრო კოლონის გადაადგილების თაობაზე. გოგა ხაინდრავას თქმით, 15 ივნისს შვიდი სატვირთო და სამი “უაზის“ ტიპის სამხედრო ავტომანქანის გადაადგილდა და სოფელ ფრიხთან განლაგდა.
 
“ეს ხდება მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ქართული მხარე ცდილობს რეგიონში ალტერნატიული საავტომობილო გზების აღდგენას”, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
 
ცხინვალის რეგიონში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსი სამხედრო შენაერთების გადაადგილება დაფიქსირდა. პირველად ეს 12 ივნისს მოხდა, თუმცა მაშინ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ ინფორმაცია არ დაადასტურა .

მსგავსი/Related

Back to top button