ახალი ამბები

მთავრობამ ახალი საგადასახადო კოდექსის პრინციპები წარმოადგინა

13 მაისს პრემიერ-მინისრმა ზურაბ ჟვანიამ “გადამხდელთა კავშირის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ,  ახალი საგადასახადო კოდექსის პრინციპების პრეზენტაცია მოაწყო. შეხვედრას ესწრებოდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.


საგადასახადო კოდექსის ახალ პროექტზე თითქმის სამი თვის მანძილზე მუშაობდა სპეციალური სამთავრობო კომისია, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად პარლამენტარები და ქართველი და უცხოელი ექსპერტებიც შედიოდნენ.


წარმოდგენილი ვარიანტით, რომელიც მთავრობის მტკიცებით გაცილებით ლიბერალურია, ვიდრე დღეს მოქმედი საგადასახადო სისტემა, ამჯამად არსებული 21 გადასახადიდან 12 გადასახადი უქმდება. ესენია: ავტომობილის მესაკუთრეთა, ქონების გადაცემის, ეკონომიკური საქმიანობისთვის, მავნე ნივთიერებებით დაბინძურების, ავტოტრანსპორტის ზენორმატიული დატვირთვისთვის, ფიქსირებული, მცირე ბიზნესის, საკურორტო, სასტუმროს, რეკლამის, ადგილობრივი სიმბოლიკით სარგებლობისა და ადგილობრივი გზებით სარგებლობის გადასახადები.


ახალი კოდექსის მიხედვით დარჩება მხოლოდ 9 გადასახადი: საშემოსავლო, სოციალური, მოგების, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზი, ქონება, გადასახადი სათამაშო ბიზნესისათვის, მიწის გადასახადი და გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის.


გადასახადების მექანიკურ შემცირებასთან ერთად გათვალისწინებულია დარჩენილი გადასახადების განაკვეთების შემცირებაც. კერძოდ, დღეს მოქმედი 33%-იანი სოციალური გადასახადი 20%-მდე შემცირდება, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 12%-მდე დაიკლებს, ასევე დაგეგმილია დღგ-ს 20-დან 18%-მდე შემცირება. გაუქმდება პროგრესული საშემოსავლო გადასახადი და იარსებებს პროპორციული 12%-იანი გადასახადი.


ახალი საგადასახდო სისტემა, რომელიც პოსტ საბჭოთა სივრცეში ყველაზე ლიბერალური იქნება, 2005 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში, მას შემდეგ რაც პარლამენტი სავარაუდოდ შემოდგომაზე დაამტკიცებს მას.


“მთავრობის ვალია შექმნას ისეთი საგადასახადო სისტემა, რომელიც ბიზნესისა და საზოგადოების ინტერესებს დააბალანსებს, ერთის მხრივ მეწარმეს უნდა შეექმნას ლიბერალური საგადასახადო გარემო, ხოლო მეორეს მხრივ ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ყველა იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც აქვს მოსახლეობის წინაშე აღებული და იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც უმთავრესია სახელმწიფო ინსტიტუტების შესაქმნელად”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button