ახალი ამბები

ედუარდ კოკოითი: “სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობებს წყვეტს”

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 12 ივნისს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ “სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ყოველგვარ ურთიერთობებს წყვეტს”, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება ოთხმხრივი შერეული კომისიის მუშაობაზე. მომავალში ურთიერთობების აღსადგენად ქართულ მხარეს კოკოითი სამ პირობას უყენებს.

პირველი პირობა ქართველი დევნილების უფლებების აღდგენას ეხება, რაც საქართველომ რესტიტუციის შესახებ კანონის მიღებით უნდა უზრუნველყოს. ასევე საქართველოს პარლამენტმა უნდა მისცეს პოლიტიკური შეფასება 1989-1991 წწ მოვლენებს და აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი. მესამე პირობა კი საქართველოს მიერ ოსური მხარისათვის იმ ზარალის ანაზრაურებას ეხება, რომელიც კოკოითის თქმით, ექსპერტული შეფასებით 24 მილიარდს აღწევს 1991 წელს არსებული სავალუტო კურსის მიხედვით.

თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქართული მხარე “ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს სამხრეთ ოსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით”.

კოკოითის ეს განცხადებები კეთდება იმ ინფორმაციის ფონზე, რომ ცხინვალის რეგიონში ჩრდილოეთ ოსეთიდან სამხედრო ძალასთან ერთად, იარაღი და საბრძოლო ტექნიკა იქნა შეყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ მსგავს ფაქტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადებით, “ეუთოს მისიამ დაადასტურა ცხინვალის რეგიონში ზედმეტი 60 ერთეული სამხედრო ტექნიკის არსებობის ფაქტი”.

მსგავსი/Related

Back to top button