ახალი ამბები

საქართველოს ევროპის საბჭოს სამდივნოს საინფორმაციო და დახმარების მისია სტუმრობს

9 ივნისს საქართველოს ეწვია ევროპის საბჭოს სამდივნოს საინფორმაციო და დახმარების მისია  სტრატეგიული დაგეგმვის დირექტორატის დირექტორის, ჟან-ლუი ლორანის ხელმძღვანელობით. მისიის ხელმძღვანელმა შეხვედრები უკვე გამართა პრემიერ მინისტრთან,  საგარეო საქმეთა მინისტრთან, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან და პარლამენტის წევრებთან. დაგეგმილია შეხვდერა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან.


დღეს სამდივნოს დელეგაციამ შეხვედრები ბათუმში გამართა. ჟან-ლუი ლორანი შეხვდა დროებითი საბჭოს ხელმძღვანელს ლევან ვარშალომიძეს, სადაც საუბარი არჩევნებისათვის მზადებას და თვითმმართველობის განმტკიცების საკითხებს შეეხო. ევროპის საბჭომ 240 ათასი ევრო უკვე გამოყო 20 ივნისის აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებისთვის.  მომავალ კვირას კი ევროპის საბჭოს 10-კაციანი სადამკვირვებლო მისია ეწვევა აჭარას.

ლორანის განცხადებით, მისი ვიზიტის მიზანს საქართველოში მიმდინარე მოვლენების ადგილზე გაცნობა და იმ საქმიანობის მონიტორინგი წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება კორუფციის აღმოსაფხვრელად ეწევა. დღემდე გამართულ შეხვდერებზე საუბრის მთავარი თემა ადამიანის უფლებების დაცვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იყო.

ხუთდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ, რომელიც 14 ივნისს მთავრდება, წარმოდგენილი იქნება ანგარიში.

ევროპის საბჭოს სამდივნოს საინფორმაციო და დახმარების წინა მისია შედგა 2004 წლის იანვარში და მისი ანგარიში უმთავრესად ეხებოდა სამ საკითხს: არჩევნებს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და კანონის უზენაესობას.



 

მსგავსი/Related

Back to top button