ახალი ამბები

“რუსთავი2”-ის მიმართ გაკოტრების საქმე დაიწყო

დღეს გაზეთ “24 საათში” გამოყვეყნდა ვაკე-საბურთალოს 11 ივნისს მიღებული განჩინება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება “რუსთავი2”-ის დირექტორის ეროსი კიწმარიშვილის 8 ივნისის განცხადების საფუძველზე გამოიტანა, სადაც იგი მისი კომპანიის მიმართს გაკოტრების საქმის დაწყებას ითხოვდა.


“რუსთავი2”-ს 9,223,385.35 ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 4, 622, 826.51 ლარს შეადგენს.


8 ივნისისათვის კომპანიას დაუდგა 5, 842, 847.92 ლარის სხვადასხვა სახის ფულადი ვალდებულებების შესრულების დრო, რისი გადახდის არც ფინანსური და არც მატერიალური საშუალებები კომპანიის დირექტორის მტკიცებით “რუსთავი2”-ს არ გააჩნია, რადგან მის ხელთ არსებული თანხების და მატერიალური ქონების მთლიანი ღირებულება 3,880,069.34 ლარს შეადგენს. 


სასამართლომ კომპანია “გადახდის უუნაროდ” აღიარა და გამოტანილი განჩინებით შეაჩერა შპს “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ დაწყებული ყველა იძულებითი აღსრულების ღონისძიება. სასამართლომ ასევე დანიშნა გაკოტრების მმართველი, რომელიც საქმის დასრულებამდე განკარგავს ქონებას.


“გაკოტრების საქმეთა წარმოების” კანონის მიხედვით მევალეებთან მოურიგებლობის შემთხვევაში, რაც არსებულ დავალიანებასთან შედარებით ნაკლები თანხის გადახდას გულისხმობს, კომპანია საბოლოოდ გამოცხადდება გაკოტრებულად და მისი ქონების გაყიდვის გზით დარიგდება გადასახდელი ვალები.

მსგავსი/Related

Back to top button