ახალი ამბები

საქართველოს მილიარდი დოლარით ეხმარებიან

საერთაშორისო დონორებმა 31 ქვეყნიდან და 12 ორგანიზაციიდან, რომლებიც 16-17 ივნისს ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე შეიკრიბნენ, საქართველოს 2004-2006 წლების განმავლობაში 1 მილიარდი დოლარის დახმარება აღუთქვეს. 


დონორთა დახმარება ძირითადად ბიუჯეტს, ენერგეტიკის სფეროს, მმართველობის გაუმჯობესებას, სიღარიბის დაძლევას, კვების უსაფრთხოებას და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება.


ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ერთობლივ პრეს-რელიზში ერთმილიარდიანი ფინანსური დახმარება აღწერილია, როგორც ნიშანი საქართველოს ახალი მთავრობის გულწრფელი მხარდაჭერისა.


ბრიუსელში 16 ივნისს დონორთა კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ წარადგინა თხოვნა 2004-2006 წლებში 480 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების საჭიროების თაობაზე.


საერთაშორისო დონორებმა აღნიშნეს კონფერენციაზე, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მოსალოდნელი “პარიზის კლუბის“ ივლისის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს 1,7 მილიარდიანი საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციას შეეხება.


კონფერენციის მონაწილეთა განცხადებით, საქართველოს წინ ახალი ამოცანები ელის, მას შემდეგ, რაც 14 ივნისს იგი ევროპის ახლო სამეზობლო ინიციატივაში გაერთიანდა.


მათი განცხადებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე.


 

მსგავსი/Related

Back to top button