ახალი ამბები

იგორ ივანოვი საქართველოს კვლავ შუამავლის როლში მოევლინა







აჭარა საპროტესტო აქციებმა 4 მაისიდან მოიცვა.
5 მაის გვიან ღამით, ბათუმში, სადაც ათასობით მომიტინგე ასლან აბაშიძის გადადგომას მოითხოვს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი ჩაფრინდა. იგი აბაშიძესთან მართავს მოლაპარაკებებს. როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აცხადებს, ივანოვი აბაშიძის გადადგომაზე დაყოლიებას შეძლებს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს ასლან აბაშიძეს და მის ოჯახს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევს თუ დაუყოვნებლივ გადადგება.
 
„სრულ ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევ ასლან აბაშიძეს და მისი ოჯახის წევრებს, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში დარჩება ან დატოვებს ქვეყანას. მე დღეს ორჯერ ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით და მას ვთხოვე ასლან აბაშიძეს მიანიჭოს პოლიტიკური თავშესაფარი. მიუხედავად მრავალი დანაშაულისა, საქართველოს დატოვების შემთხვევაში ასლან აბაშიძეს  უკან გადმოცემას არ მოვითხოვთ, რადგან ახლა სისხლის თავიდან აცილება ყველაზე მნიშვნელოვანია“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, ასევე ხელშეუხებელი იქნება აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე და უშიშროების მინისტრი სოსო გოგიტიძე, რომლებზეც გენერალურმა პროკურატურამ ორი თვის წინ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  
 
ასლან აბაშიძის გადადგომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის თქმით,  აჭარაში შემოღებული იქნება პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა, შეიქმნება დროებითი საბჭო და იმოქმედებს იმ დრომდე სანამ რეგიონში არ ჩატარდება ადგილობრივი მმართველოების რიგგარეშე არჩევნები.
 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „სულ ცოტა დრო რჩება საბოლოო გამარჯვებამდე“ და იგი აჭარის და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდებს, რათა ერთად იზეიმონ გამარჯვება.
 
„ქართველი ერი უნიკალური ერია, ამ მოკლე დროში მსოფლიოს დავანახეთ, რომ შევძელით ორი უსისხლო რევლუციის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მშვიდობიანად დასრულდება. აჭარლებმა ამ ორი დღის განმავლობაში გმირობა გამოიჩინეს და დაანახეს, ის რომ არ შეეგუებიან სეპარატიზმს“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მისი ინფორმაციით, აჭარაში უკვე დაწყებულია მოსახლეობაში თვეების წინ დარიგებული იარაღის ჩაბარება. ასევე დღეის მერე საქართველოში აღარ უნდა არსებობდეს საზღვრები. „ჩემი მიზანია საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო“ – დასძინა სააკაშვილმა.  
 
პრეზიდენტის მხრიდან მიცემული გარანტიის მიუხედავად აჭარის მეთაური თანამდებობის დატოვებას არ ჩქარობს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ „დეზინფორმაციაა.“ იგი ბათუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის იგორ ივანოვის ჩამოსვლას ელოდება.
 
„იმედი მაქვს, რომ იგორ ივანოვი ჩამოვა ბათუმში  და მოვითათბირებთ თუ როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან, რომელშიც დღეს ვართ“ – განაცხადა ასლან აბაშიძემ 5 მაისს ჟურნალისტებს.
 
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საქართველოს  და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრების შემდეგ გახდა ცნობილი. იგორ ივანოვი საქართველოში გასული წლის ნოემბრიც იმყოფებოდა. მაშინ ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ივანოვმა ექს-პრეზიდენტ შევარდნაძესა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის (მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანიას)  შუამავლობა იკისრა, რაც შევარდნძის გადადგომით დასრულდა.


„რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი საქართველოში ჩამოვა. მოლაპარაკებებს გამართავს ასლან აბაშიძესთან. მე ვფიქრობ იგი ურჩევს აბაშიძეს გადადგეს“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
 
ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც 4 მაისს სატელეფონო საუბრის დროს აჭარის ლიდერს მოუწოდა გადამდგარიყო, მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აჭარასი კრიზისი „სულ მალე დასრულდება“. 
 
„იმედი მაქვს, აჭარის ლიდერი ერთადერთ სწორ ნაბიჯს გადადგამს და გადადგება. მე სატელეფონო საუბარი მქონდა აბაშიძესთან და ვურჩიე მას გადამდგარიყო“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
 
მისივე ინფორმაციით, ჩოლოქისა და ქაქუთის გამშვებ პუნქტებზე უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაობი და აღებულია ბეტონის ბარიერები. 
 
ამ დროისათვის ბათუმში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქცია. 5 მაისს გვიან ღამით მომიტინგეების წინაშე სიტყვით აჭარაში მყოფი პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია გამოვიდა, რომელმაც მანამდე მოლაპარაკებები გამართა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრთან ჯემალ გოგიტიძესთან.

მსგავსი/Related

Back to top button