
საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა
ათასობით მომიტინგემ 5 მაისის ღამე ბათუმის უნივერსიტეტის წინ გაათენა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის გადაყენების მოთხოვნით.
ბათუმში ყველაზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის მონაწილენი აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.
არსებული ინფორმაციით, მომიტინგეებსა და აბაშიძის სპეცრაზმსს შორის რაიმე შეტაკებას ადგილი არ ჰქონია. 4 მაისს უფრო მცირემასშტაბიანი საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია.
ამავდროულად, თბილისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ გვიან ღამით ბათუმში არსებული სიტუაციის თაობაზე კონსულტაციები გამართა.
საბჭოს წევრებმა გამორიცხეს ძალისმიერი ჩარევა აჭარის მოვლენებში.
„აჭარლები თავიანთ მომავალს თვითონ გადაწყვეტენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც საბჭოს სხდომას მოგვიანებით შეუერთდა.
აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ გვიან ღამით გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში თავის მხარდამჭერებს ავტონომიაში „დემოკრატიისა და კონსტიტუციური სისტემის“ დაცვისკენ მოუწოდა. მას არაფერი ეტყობოდა იმისა, რომ დათმობაზე აპირებდა წასვლას.
თუმცა, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, აბაშიძის რეჟიმი ინგრევა, რადგანაც სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ტოვებს მას და მეორე მხარეს გადადის.
„აბაშიძის რეჟიმი პანიკაშია. მისი რეჟიმი დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა.
აჭარის პოლიციელთა უმეტესობა უკვე განუდგა აჭარის ლიდერს და პრეზიდენტ სააკაშვილს აღუთქვა მხარდაჭერა. ისინი ბათუმის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.