ახალი ამბები

GTEP-ი დასრულდა, აშშ სამხედრო დახმარებას გააგრძელებს







ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ
გაწვრთნილი ჯარისკაცები შეიარაღებული ძალების
ბირთვს წარმოადგენენ.
ჯავშან-სატანკო ასეულის გაწვრთვნით 24 აპრილს დასრულდა ქართულ-ამერიკული “წვრთვნისა და აღჭურვის” სამხედრო პროგრამა. მეორე დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასტან ერთად, თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილიც გაემგზავრა, რათა ამერიკულ მხარესთან სამხედრო თანამშრომლობის მომავალი გეგმა შეათანხმოს.

24 აპრილს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე 24 აპრილს გამართული აღლუმით „წვრთნისა და აღჭურვის“ ჯარისკაცებმა, რომელთაც GTEP-ად (პროგრამის ინგლისური სახელწოდების აბრივიატურა) მოიხსენიებენ, აღნიშნეს ორწლიანი პროგრამის დასრულება. სულ GTEP-ის ფარგლებში, ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა 2,470 ქართველმა ჯარისკაცი გაწვრთნეს, რითაც სამხედრო ექსპერტების აზრით, საფუძველი დაუდეს საქართველოში პროფესიონალური არმიის შექმნას.

გაწვრთვნილია კომანდოს ბატალიონი, ასევე მე-16 სამთო-მსროლელთა, 111-ე და 113-ე მსუბუქ ქვეითთა  ბატალიონები, აგრეთვე, დამატებით ჯავშან-სატანკო ასეული, რომელიც აღლუმზე დადებული ფიცის შემდეგ მე-11 ბრიგადის შემადგენლობაში შევიდა. აღნიშნული დანაყოფების სამხედრომოსამსახურეები ქართულ შეიარაღებულ ძალებში საუკეთესოდ აღჭურვილ, გაწვრთნილ და ანაზღაურებად ჯარისკაცებს წარმოადგენენ.

“ქართველმა სამხედროებმა პროგრამა სანიმუშოდ დაძლიეს. ახლა, ამ შედეგების შესანარჩუნებლად უნდა ვიზრუნოთ” – განაცხადა გენშტაბის მეთაურმა გივი იოკურიძემ. 


“საქართველომ სანიმუშოდ ჩაატარა “წვრთვნისა და აღჭურვის” პროგრამა. ამერიკა ამაყობს ამით” – მიმართა ქართველო ჯარისკაცებს საქართველოში ამერიკის ელჩმა რიჩარდ მაილსმა. 


“წვრთვნისა და აღჭურვის” პროგრამისათვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 64 მილიონი დოლარი გამოყო. საქართველოს მთავრობამ კი მონაწილე სამხედროების სახელფასო უზრუნველყოფა ივალდებულა, რომელიც დანარჩენ ქართველ სამხედროებზე საგრძნობლად მაღალია. რიგითი ჯარისკაცის ხელფასი საშუალოდ 450 ლარია, ოფიცრის –  650 ლარი.
 
ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ მომზადებული ქართველი სამხედროები თვითონვე გახდებიან გაუწვრთვნელი სამხედროების ინსტუქტორები.


ამჟამად, GTEP-ის 150-მდე ჯარისკაცს შეძენილი ცოდნის გამოყენების საშუალება ერაყში ეძლევათ, სადა ისინი აპრილის დასაწყისში გაემგზავრნენ და ექვსი თვე დარჩებიან. ზაფხულში კი ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა ერაყში უკვე 500-მდე გაიზრდება.


აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის მორიგი სამხედრო დახმარების თაობაზე მსჯელობა უკვე დაწყებულია. 25 აპრილს ვაშინგტონში ხუთდღიანი ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი გაემგზავრნენ.


„კონკრეტულ პროგრამებზე ამერიკელ კოლეგებთან ვისაუბრებთ. ნამდვილად ვიცი, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება. საქართველომ მაღალი პასუხისმგებლობით ეს ნდობა დაიმსახურა” – გამგზავრების წინ განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.


მოსალოდნელია, რომ მომავალი დახმარების დეტალები საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.


ამის პარალელურად მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების რეფორმებზე მუშაობა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი სამხედრომოსამსახურეთა რაოდენობის შემცირება იქნება.


“რეფორმას შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაციით დავიწყებთ. ქართული ჯარი მობილურ ძალად უნდა ჩამოყალიბდეს. განვიხილავთ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის 15 ათასამდე შემცირებას. ამას სამხედროების ხელფასების გაზრდა მოჰყვება” – აცხადებს საქართველოს ისტორიაში თავდაცვის პირველი სამოქალაქო მინისტრი გელა ბეჟუაშვილი.


თუმცა აღსანიშნავია, რომ ამჟამად ზუსტი ციფრის გაგება, თუ რამდენი ჯარისკაცი მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რთულ საქმეს წარმოადგენს. სამხედრო ექსპერტების განცხადებით ჯარისკაცთა გაბერილი რაოდენობა კორუფციის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.


სამხედრო ექსპერტები რეფორმების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჯარში არსებული სახელფასო დიფერენციაციის დაძლევას მიიჩნევენ. მაღალი ხელფასი მხოლოდ ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილ ჯარისკაცებს აქვთ, რაც ზოგ შემთხვევაში ხუთჯერ და ექვჯერ აღემატება ჩვეულებრივი ჯარისკაცების ხელფასებს.


“ჯარს სასწრაფოდ სჭირდება რეფორმირება. ოპტიმიზაცია და სახელფასო დიფერენცირების აღმოფხვრა გადაუდებელი ნაბიჯი უნდა იყოს პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობისათვის” – ამბობს სამხედრო ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი.


აღსანიშნავია, რომ თავის ბოლოდროინდელ საჯარო გამოსვლებში პრეზიდენტი სააკაშვილი სულ უფრო ხშირად საუბრობს ხოლმე ქართულ ჯარზე, რეფორმების გატარების აუცილებლობაზე და ჯარისკაცთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.


“მთავარი ამოცანაა, მათ ამერიკელი მეგობრებისგან მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას, მშობლებს, შვილებს, მეგობრებს მოახმარონ. მთავრობის ამოცანა კი მათი ხელშეწყობა იქნება” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარისას 24 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button