ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი აჭარის პრობლემის მოგვარებას უმოკლეს დროში გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცენტრსა და რეგიონს შორის პრობლემა არ არსებობს, არამედ პრობლემაა კრიმინალების ერთ ჯგუფთან, რომელიც არ ემორჩილება სახელმწიფოში მოქმედ კანონებს. ამის გამო ქვეყანას სჭირდება ტაქტიკური მიდგომა საკითხის მოგვარების მიზნით. 


პრეზიდენტის  განცხადებით,  ქვეყანაში წესებს არა ასლან აბაშიძე, არამედ ქვეყნის პრეზიდენტი ადგენს. „ჩვენ არანაირ პროვოკაციას არ წამოვეგებით და ვიმოქმედებთ კანონების შესაბამისად”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმისათვის რომ აჭარაში არსებული კრიმინალური დაჯგუფებების მოქმედება აღიკვეთოს საჭიროა სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედება. “ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც უკანონო ქმედებას ჩაიდენს მის წინააღმდეგ ამოქმედდება სამართლებრივი ბერკეტები და აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ კრიმინალებთან ჩვენ მოლაპარაკებების გამართვას და დათმობაზე წასვლას არ ვაპირებთ” – დასძინა პრეზიდენტმა, თუმცა არ გამორიცხა ისიც, რომ თუ აჭარაში მყოფი კრიმინალური დაჯგუფება პოზიციას შეიცვლის და დაიცავს ქეყანაში მოქმედ კანონებს და კონსტიტუციას შესაძლოა მოხდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ სასჯელის შემსუბუქება.


“ჩვენ მუდმივი კონტროლის ქვეშ გვყავს აჭარის რეგიონი და იქ მიმდინარე მოვლენები. ამის მიხედვით ვგეგმავთ შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებს. ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ არ ვაპირებთ დიდი ხნით ასეთი ვითარების გაგრძელებას, ამის ილუზია არ ჰქონდეთ აჭარის ხელმძღვანელობას” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს აჭარის მოსახლეობისთვის დახმარების პროგრამის შემუშავება დაავალა.


“აჭარის მოსახლეობაზე პასუხს ჩვენ – ქვეყნის ხელისუფლება – ვაგებთ. მათ ადგილობრივი ხელისუფლება სპეციალურად აშიმშილებს და უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში ამყოფებს, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენ აჭარის ადგილობრივ მთავრობას ვაიძულეთ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ვაიძულეთ პოლიტპატიმრის თენგიზ ასანიძის 11 წლის შემდეგ ციხიდან გათავისუფლება, ასევე ვაიძულეთ კონტრაბანდის აღკვეთა სარფის საბაჟოსა და ბათუმის პორტში, ჩვენი წარმომადგენლების დანიშვნით. ჩვენ ვაიძულებთ მათ მთავარს – ბოლომდე აღდგეს იქ კანონიერი რეჟიმი” – განაცხადა მიხეილ სააკშვილმა.


მისი განცხადებით, აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას უნდა დაურიგდეს სასუქი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის. ასევე მთლიანად აჭარის მოსახლეობაზე უნდა გაიცეს სხვადასხვა სახის არსებობისათვის საჭირო პროდუქცია.  

მსგავსი/Related

Back to top button