ახალი ამბები

მსხვილი ბიზნესი აჭარაში დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს







პატარკაციშვილმა თბილისსა და ბათუმს შორის
შუამავლის როლი იკისრა.
გავლენიანმა ქართველმა ბიზნესმენებმა თბილისსა და ბათუმს შორის შუამავლის როლი იკისრეს, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ვერ შეძლო აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან შეთანხმების მიეღწევა. 

ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი, ბადრი პატარკაციშვილის ხელმძღვანელობით 15 აპრილს ბათუმში  გაემგზავრა აჭაროს ლიდერთან ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით. ბათუმში გამგზავრებამდე ბიზნესმენები 14 აპრილს გვიან ღამით პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდნენ.

„ვეცდებით ეკონომიკურ ფაქტორებზე გავამახვილოთ ყურადღება დაძაბულობის შესამსუბუქებლად. ბათუმში კონკრეტული წინადადებებით მივდივართ“, -განუცხადა ბადრი პატარკაციშვილმა ჟურნალისტებს აჭარაში გამგზავრებამდე. 

ბიზნესმენთა დელეგაციაში ასევე შედიან „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანადამფუძნებელი, დეპუტატი ვანო ჩხარტიშვილი, Coca-Cola Bottlers Georgia-ს პრეზიდენტი თემურ ჭყონია, დეპუტატი და კომპანია „ყაზბეგის“ მფლობელი გოგი თოფაძე, TBC ჯგუფის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და გადამხელთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი ნიკო ლეკიშვილი. 
„ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობაზე. მხოლოდ ეს განმუხტავს დაძაბულობას“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. 
 
„აჭარა დენთის კასრია. მდგომარეობა იქ მართლაც შემაშფოთებელია და ჩვენ მივდივართ, რათა დაძაბულობა განვმუხტოთ“, – განუცხადა გოგი თოფაძემ  ჟურნალისტებს 14 აპრილს.
 
„კრიზისის ძალისმიერი მოგვარება დამღუპველი იქნება როგორც ქვეყნისათვის, ასევე ქართული ბიზნესისთვის. ასეთ შემთხვევაში არც კი იფიქროთ უცხოურ ინვესტიციებზე“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
 
„ჩვენი მთავარი მიზანია როგორმე შევამსუბუქოთ ორივე მხარის რადიკალური პოზიცია“, – აღნიშნა ნიკო ლეკიშვილმა.
 
ბადრი პატარკაციშვილი 14 აპრილს  საქართველოს გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ მან შესთავაზა ბიზნესმენებს შუამავლის როლი ეთამაშათ თბილისსა და ბათუმს შორის.
 
„ჩვენ უფლება არ გვაქვს განზე დავდგეთ. დარწმუნებული ვარ, ბიზნესმენები თავიანთ წვლილს შეიტანენ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებაში“, – განაცხადა პატარკაციშვილმა, რომელსაც მანამდე არასდროს გამოუაშკარავებია თავისი ფარული მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში.
 
ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც რუსეთის ბიზნეს ჯგუფებთან საკმაოდ დაახლოებულ პირად ითვლება და  რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ იძებნება ფინანსური მაქინაციების ბრალდებით, საქართველოში 2001 წელს ჩამოვიდა. რუსეთმა საქართველოს 2003 წელს ოფიციალურად მოსთხოვა პატარკაციშვილის ექსტრადიცია; თუმცა, თბილისმა ამ მოთხოვნაზე თვალი დახუჭა.
 
2001 წლიდან ბადრი პატარკაციშვილმა მნიშვნელოვანი გავლენის მოპოვება შეძლო საქართველოს პოლიტიკურ წრეებში. მან ასევე ჩამოაყალიბა მედია ჰოლდინგი – იმედი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელევიზია, რადიო, ყოველდღიური გაზეთი და საინფორმაციო სააგენტო. მან ასევე დიდი რაოდენობით უძრავი ქონება შეისყიდა ქვეყანაში და საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს მფლობელიც გახდა. 

დაძაბულობა თბილისსა და ბათუმს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც 13 აპრილს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და ასლან აბაშიძეს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.  შეხვედრის შემდეგ ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ასლან აბაშიძემ „კონფრონტაციის გზა ამოირჩია“, რადგანაც იგი სასტიკი წინააღმდეგია შეასრულოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნა  და განაიარაღოს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები აჭარაში.    

მსგავსი/Related

Back to top button