ახალი ამბები

პირველი ბზარი შეთანხმებაში







აბაშიძე ხელისუფლებას ულტიმატუმებს უყენებს.
თბილისსა და ბათუმს შორის სიტყვების ომი მას შემდეგ განახლდა, რაც პრეზიდენტის წარმომადგენლებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არ მიეცათ საშუალება რეგიონში თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება დაეწყოთ.

22 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჭარის ხელმძღვანელობას ორდღიანი ვადა მისცა და მოსთხოვა ხელი არ შეუშალონ მისი წარმომადგენლების საქმიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური სანქციების კვლავ შემოღებით დაიმუქრა.

პრეზიდენტ სააკაშვილსა და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის 18 მარტს ბათუმში მიღწეული შეთანხმების თანახმად, აჭარაში პრეზიდენტის ორი წარმომადგენელი დაინიშნა, რომელთაც ბათუმის პორტისა და სარფის საბაჟოს გაკონტროლება ევალებათ.

ამ გარიგებამ, როგორც ჩანს დროებით, მარაგრამ მაინც განმუხტა თბილისსა და ბათუმს შორის არსებული დაძაბულობა, რომელიც მას შემდეგ გამწვავდა, რაც აბაშიძის შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა საქართველოს პრეზიდენტი 14 მარტს აჭარაში არ შეუშვეს.

„შეთანხმება მიღწეულია და იგი უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვფიქრობ უკვე ყველამ დაინახა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია ადექვატური, თუმცა მშვიდობიანი ღონისძიებების გატარება პრობლემის მოსაგვარებლად“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს, მიანიშნა რა ბლოკადის განახლების შესაძლებლობაზე.

თავის მხრივ, ასლან აბაშიძე აცხადებს, რომ მას სურს თავისი წარმომადგენლების დანიშვნა ფოთის პორტსა და ვალეს საბაჟოზე.

თუმცა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარის ლიდერის მოთხოვნას „სასაცილო“ უწოდა.

„სასაცილოა, როცა ის წარმომადგენლების დანიშვნაზე საუბრობს… იგი არ უნდა შეედაროს საქართველოს პრეზიდენტს. იგი მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 22 მარტს.

აბაშიძემ სხვა პირობებიც წაუყენა ცენტრალურ ხელისუფლებას. იგი თბილისისგან ითხოვს ყადაღა მოხსნას „საზღვაო ბანკის“ ანგარიშებს. აჭარის ხელისუფლება მთელ ფინანსურ ოპერაციებს სწორედ ამ ბანკის მეშვეობით ახორციელებდა. გენერალურმა პროკურატურამ „საზღვაო ბანკის“ ანგარიშების გაყინვა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ბანკს საეჭვო ფინანსურ ოპერაციებსა და ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი.

18 მარტს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ასლან აბაშიძე დათანხმდა აჭარაში საგანგებო მდგომარეობა გაეუქმებინა, ხელი შეეწყო აჭარაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის, გაეთავისუფებინა პოლიტპატიმრები და შეიარაღებული ჯგუფები განეიარაღებინა.

თუმცა, საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ ძალაშია და არ მოიპოვება ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებისგან, რომ დაიწყო შეიარაღებული ჯგუფები განიარაღება. ჯერ არც პოლიტპატიმრები გამოუშვიათ.

პოლიტიკური მიმომხილველები, რომლებმაც სააკაშვილსა და აბაშიძეს შორის შეთანხმებას „დროებითი ზავის“ შეფასება მისცეს,  აცხადებენ, რომ დაძაბულობა აჭარაში 28 მარტის არჩევნების შემდეგ ისევ გამწვავდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის უარმა გაეგრძელებინა ამომრჩეველთა წინასაწარი რეგისტრაციის ვადა აჭარაში, როგორც ამას აჭარის ხელისუფლება მოითხოვდა, უკვე გამოიწვია უკმაყოფილება ბათუმში.

ცსკ-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შემთხვევაში, აჭარაში სიების ხელოვნული გაზრდა იყო მოსალოდნელი, რაც საბოლოოდ რეგიონში არჩევნების გაყალბებას შეუწყობდა ხელს.

თბილისსა და ბათუმს შორის სიტყვების ომის პირველი სერიოზული ტალღა ბოლოდროინდელ კრიზისში გადაიზარდა.  მიმომხილველთა თქმით, მხარეებს შორის 18 მარტს მიღწეული შეთანხმება არ უზრუნველყოფს მყარ გარანტიებს რათა ახლო მომავალში ცენტრსა და რეგიონს შორის კიდევ ერთი კრიზისს არ ქონდეს ადგილი.

მსგავსი/Related

Back to top button